მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის ჩინური ონლაინმაღაზია TEMU?

TEMU

ელექტრონული კომერცია წლიდან წლამდე ვითარდება და ამ სფეროში ახალ-ახალი მოთამაშეები ჩნდებიან, რომლებიც გლობალურ ბაზარს ამ დრომდე არნახულ გადაწყვეტებს სთავაზობენ. სწორედ რევოლუციური მიდგომის მქონე კომპანიებს განეკუთვნება ჩინური TEMU, რომელმაც გამოჩენიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინმაღაზიად, მათ შორის საქართველოში. კონკურენტებისგან განსხვავებით, TEMU-ზე განთავსებული პროდუქცია ძალიან იაფია, ხოლო კომპანია აგრესიული მარკეტინგის სტრატეგიას მიჰყვება და მომხმარებელს ხშირად დაუჯერებელ ფასდაკლებებს სთავაზობს. პროდუქტი, რომელიც TEMU-ზე იყიდება ჩინეთიდან პირდაპირ შემკვეთის კარამდე მოდის, რაც კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობაა.

TEMU გლობალურ ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და ის ჩინური PDD Holdings-ის შვილობილი კომპანიაა. თავად ჰოლდინგი 2015 წელსაა დაფუძნებული და მისი უმსხვილესი აქციონერი ახალგაზრდა ჩინელი ანტრეპრენიორი, კოლინ ჰუანგია, რომელიც ადრე Google-ში ინჟინრად მუშაობდა. დღეს, კოლინ ჰუანგი PDD-ის ყოველდღიურ მართვაში აღარ არის ჩართული, მაგრამ რჩება კომპანიის უმსხვილეს აქციონერად, რადგან მას ჰოლდინგის 25%-იანი წილი ეკუთვნის. ამ, სწორედ PDD-ზე მოდის ანტრეპრენიორის ქონების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ამერიკული Bloomberg-ი $36.3 მილიარდად აფასებს და ამ მაჩვენებლით ის ჩინეთში მე-7 ადგილს იკავებს.

თავად PDD Holdings-ი NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელსაც ინვესტორები $146 მილიარდად აფასებენ. 2021 წლის პიკის დროს, როცა პანდემიის გამო ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად იყო მომატებული, PDD Holdings-ის აქციები თითქმის $200-ად ივაჭრებოდა, რაც ნიშნავს, რომ მას შემდეგ კომპანიის აქციები არასრული 50%-ითაა გაუფასურებული. კლების დიდი ნაწილი დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების შედეგია, რადგან TEMU-სთვის ამერიკა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, სადაც კომპანიამ პროდუქტები უკვე გააძვირა, რაც, გარკვეულწილად, შემოსავლის შემცირებაზე აისახა.

გასულ წელს, TEMU-ს შემოსავალმა $70.8 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წელსთან შედარებით რამდენიმეჯერაა გაზრდილი, მაგრამ 2025 წლის პირველ კვარტალში, შემოსავლის ზრდის მიუხედავად, მკვეთრად, კერძოდ 47%-ით შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რომელიც $2 მილიარდს გაუტოლდა. შემცირებული მოგება, პირველ რიგში, ტარიფებს უკავშირდება, მაგრამ ამ მხრივ აგრეთვე გასათვალისწინებელია მომძლავრებული კონკურენცია და მომხმარებელთა მიერ დანახარჯების შემცირება. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ აგრეთვე გააუქმა საგამონაკლისო წესი, რომლითაც $800-მდე ღირებულების საქონელი საიმპორტო ბაჟით არ იბეგრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები