რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, დაცვის კომპანია „ალგანის“ ოფისში ბრენდულ არყებს - Stolichnaya-ს, Nemiroff-ს, Black Sea-ს, Filandia-ს, Talka-ს, Koskenkorva Vodka-ს, Parliament-ს და Gray Goose-ს აწარმოებდნენ და ასევე ყალბ აქციზურ მარკებს ბეჭდავდნენ. კოორდინირებული მუშაობით, უწყებამ 204 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი, 402 ჩამოსასხმელად გამზადებული არყის ბოთლი და 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა ამოიღო. უწყების ცნობით, ალკოჰოლური სასმელი ქვემო ქართლში მარკეტებსა და კვების ობიექტებში იყიდებოდა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადებისა და დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. კომპანია "ალგანმა" რუსთავის ოფისში არყის ფალსიცირებასა და ყალბი აქციზის დამზადებაზე, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ კონკრეტულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ეს მათგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ამასთან, "ალგანის" ინფორმაციით, დაკავებულებიდან ერთი მათი თანამშრომელია.
BMG დაინტერესდა ვის ეკუთვნის შპს „ალგანი“. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს 2004 წელს არის დაფუძნებული და დღეისთვის მისი 75%-იანი წილის მფლობელი ქეთევან გაგნიძეა, ხოლო 25%-იანი წილი გრიგოლ ნემსაძეს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი რამაზ დევდარიანია.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში კი წერია:
"დაცვის კომპანია ალგანი 2004 წელს იურისტ ალექსანდრე გაგნიძის და ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძის მიერ დაარსდა. ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. გარდა ამისა ახორციელებს ათეულობით უცხოურ კომპანიებთან ტვირთების დაცვა-გაცილების საქმიანობას. საჯარო დაწესებულებების ოფისების, ქსელური მარკეტების, სამედიცინო დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვას. დღეისათვის, "ალგანში" დასაქმებულია 1200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანიის მიზანია საქართველოს ბაზარზე პრემიუმ კლასის დაცვითი მომსახურების შექმნა და განვითარება. კომპანიის დამფუძნებლის და მენეჯმენტის მიერ დასახულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი, გაიხსნას როგორც ქალაქ თბილისში ისე რეგიონებში "ალგანის" ოფისები. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება "ალგანის" მომსახურების გავრცელება ისეთ რეგიონებში, სადაც კომპანია ალგანი ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი".
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 22.6 მლნ ლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 წელს 20.5 მლნ ლარი იყო. 2024 წელს გაიზარდა ასევე კომპანიის შრომის ანაზღაურების ხარჯებიც. სულ შრომის ანაზღაურების სახით 12.4 მლნ ლარი გაიცა. 2023 წელს ეს რიცხვი 11.2 მლნ ლარი იყო. კომპანიის მოგება აღნიშნულ პერიოდში, მცირედით ₾1.5 მლნ-დან ₾1.8 მლნ-მდე გაიზარდა.



























