დაცვის კომპანია "ალგანი", რუსთავის ოფისში არყის ფალსიცირებასა და ყალბი აქციზის დამზადებაზე, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ კონკრეტულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება.
საქმე ის არის, რომ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, დაცვის კომპანია „ალგანის“ ოფისში ბრენდულ არყებს - Stolichnaya-ს, Nemiroff-ს, Black Sea-ს, Filandia-ს, Talka-ს, Koskenkorva Vodka-ს, Parliament-ს და Gray Goose-ს აწარმოებდნენ და ასევე ყალბ აქციზურ მარკებს ბეჭდავდნენ. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 204 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი, 402 ჩამოსასხმელად გამზადებული არყის ბოთლი და 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა ამოიღო. ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი ქვემო ქართლში მარკეტებსა და კვების ობიექტებში იყიდებოდა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადებისა და დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ბრელდებით ორი პირია დაკავებული.
სახელმწიფო უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ BM.GE კომპანია "ალგანს" დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ დაკავებულებიდან კომპანიაში მხოლოდ ერთი პირი მუშაობდა.
"შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის თანამშრომლის მიერ" - ნათქვამია "ალგანის" განცხადებაში.




























