მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის და რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "საქნახშირის” მფლობელ კომპანიას?

61f7b948e9aa8
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.22 14:25
1400
ტყიბულის შახტში 30 იანვრის 23:00 საათის შემდეგ მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადგილზე აფეთქებითი სამუშაოები რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ კომპანიას აფეთქებების ჩატარება აუკრძალა.

საქართველოში ქვანახშირს ერთადერთი კომპანია - “საქნახშირი” მოიპოვებს, რომელიც ტყიბულის შახტებს მართავს. კომპანია 2019 წლის ბოლოს მისმა წინა მფლობელმა “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” სიმბოლურ ფასად გაყიდა. ამჟამად “საქნახშირის” მესაკუთრეს “სტილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი” წარმოადგენს, რომელიც ნახშირის გარდა, მანგანუმით და მეტალურგიული ნედლეულით მოვაჭრე ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა.

ტყიბულის შახტები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, რაც შახტზე მომხდარ ტრაგიკულ მოვლენას უკავშირდებოდა. 2018 წლის აპრილში ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 მეშახტე ემსხვერპლა. საწარმომ მუშაობა დროებით შეაჩერა, თუმცა შემდგომ პროცესი კვლავ განახლდა, რასაც ივლისში კიდევ ერთი ტრაგედია მოჰყვა. 2018 წლის ივლისში სამუშაო პროცესის დროს კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა.

მომხდარის შემდეგ საწარმო, ფაქტობრივად შეჩერდა, საქართველოს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრომ შახტების უსაფრთხოების შესასწავლად დაიქირავა გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია DMT, რომელმაც ტყიბულში სამუშაო პროცესი და შახტებში არსებული უსაფრთხოების სისტემების აუდიტი ჩაატარა. სწორედ შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება იყო კომპანიაში ახალი მესაკუთრის შესვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაღალი რისკის შემცველ შახტში ინვესტირება და მასში შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება იყო.

მოპოვებითი მიმართულებით “საქნახშირს” მიხაილ სოცკი ხელმძღვანელობს, რომელმაც 2021 წლის აგვისტოში Forbes-ის კვირასთან განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხები კომპანიისთვის წითელ ხაზს წარმოადგენდა.

„ორწელიწადნახევარია რაც ჩვენ ამ სისტემას ეტაპობრივად ვნერგავთ. უსაფრთხოების ზომები არის ის წითელი ხაზი, რომელსაც არასოდეს გადავუხვევთ და მიუხედავდა იმისა, რომ ამ სისტემის დანერგვას პირველ ეტაპზე მოჰყვა პროტესტი, ხმაური, ეს არის საკითხი, რომელიც არ იცვლება,” - განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

წლიური ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანია 2021 წლიდან ქვანახშირის მოპოვების 30,000 ტონამდე გაზრდას გეგმავდა. ნახშირის უმსხვილეს მომხმარებლებად ანგარიშში “ჰაიდელბერგცემენტი” და “ჯიემი” არიან მოხსენიებული.

ანგარიშის თანახმად, “საქნახშირის” მფლობელი „სტილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” 100%-იანი წილის მესაკუთრეა ბიზნესმენი გიორგი ჭელიძეა. კომპანიას აქვს ხელშეკრულებები საქართველოში მოქმედ მანგანუმის მწარმოებლებთან და მათი პროდუქციის ექსპორტით არის დაკავებული. 2021 წელს კომპანია ქვეყნის უმსხვილეს ექსპორტიორთა ოცეულშიც მოხვდა.

კომპანიის უკანასკნელი ფინანსური ანგარიში 2019 წლის საქმიანობას ასახავს, მაშინ ფირმას 163.7 მილიონი ლარის გაყიდვები და 35.6 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

კომპანიის 2019 წლის შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:

ფეროსილიკომანგანუმი - 76,558,362 ლარის შემოსავალი;
კოქსი - 75,417,063 ლარის შემოსავალი;
ქვანახშირი - 11,768,458 ლარის შემოსავალი.

ანგარიშის თანახმად, კომპანიას ექსპორტიდან 69.6 მილიონის შემოსავალი ჰქონდა, ადგილობრივი გაყიდვები კი 94.1 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები