მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის და რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს RMG Gold-ს?

ოქრო

საქართველოში სპილენძისა და ოქროს მადნის უმსხვილესი მომპოვებელი ჯგუფი RMG ჰოლდინგია, რომელიც RMG Copper-სა და RMG Gold-ს აერთიანებს. კომპანიების აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მათი საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსი ბიზნესმენი დიმიტრი ტროიცკია. რუსული Forbes-ის ინფორმაციით, დმიტრი ტროიცკის ქონება $550 მილიონს შეადგენს.

როგორც RMG Copper-მა, ასევე RMG Gold-მა 2022 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, ორივე კომპანიას გასულ წელს 800 მილიონ ლარამდე შემოსავალი ჰქონდა.

უფრო დეტალურად, კომპანიების შედეგები ასე ნაწილდება:

  • RMG Copper - შემოსავალი 2022 წელს 469.3 მილიონი ლარი, წმინდა ზარალი 74.1 მილიონი ლარი;
  • RMG Gold - შემოსავალი 2022 წელს 329.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 58.7 მილიონი ლარი.

თუმცა, კომპანიების წმინდა მოგება უფრო დიდი იყო 2021 წელს, როდესაც ამ ფირმების ჯამური მოგება 135 მილიონ ლარს აღემატებოდა.

რუსმა ბიზნესმენმა RMG ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი 2012 წელს შეიძინა, აღნიშნული გარიგების ღირებულება, Bloomberg-ის ინფორმაციით, $120 მილიონს შეადგენდა. ამასთან, ეს კომპანიები ფლობენ ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებულ მოპოვებით ლიცენზიებს. კერძოდ, RMG Gold-მა 110 მილიონი გადაიხადა ბოლნისსა და დმანისში ოქროს მოპოვების ლიცენზიაში, ხოლო RMG Copper-ი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ ტერიტორიებზე სპილენძის და პოლიმეტალების მოპოვების 93.5-მილიონიან ლიცენზიას ფლობს.

RMG Gold-ის მმართველობით ანგარიშგებაში საუბარია ოქროს რეზერვების მოცულობაზე, რომელიც სალიცენზიო არეალშია მიკვლეული.

“გრძელდება საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება და გადამუშავება, ასევე ხდება უკვე გადამუშავებული მადნის მესამედ გადამუშავება. კომპანია ასევე ახორციელებს ე.წ. აგლომერაციის პროექტს, რაც გულისხმობს ბარიტის მადნის შერევას უკვე გადამუშავებულ მადანთან.

გარდა ამისა მიმდინარეობს საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება სს “RMG Copper”-ზე მისაწოდებლად. ამ ეტაპზე არსებული მარაგების გათვალისწინებით, საყდრისის საბადოდან ოქსიდური მადნის მოპოვება 157 ათასი ტონის რაოდენობით არის მოსალოდნელი რაც შეიცავს დაახლოებით 2 ათას უნცია ოქროს (1 უნცია 31.1035 გრამია); მოცემული რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს 2024 წლის ბოლომდე. ბნელი ხევის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 830 ათასი ტონა მადნის გადამუშავება, რომელიც შეიცავს 20 ათას უნცია ოქროს. ამ პროექტის ფარგლებში გადამუშავება უნდა დასრულდეს 2024 წელს. სს „RMG Copper“-ისთვის ოქრო სპილენძის მადნების მოპოვება იგეგმება 6.6 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 209 ათასი უნციის ოდენობით, ხოლო სპილენძის შემცველობა 20 ათასი ტონის ოდენობით.

მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2028 წლის ბოლომდე. უნდა აღინიშნოს ისიც რომ კომპანიაში მუდმივად ხდება ახალი მადნების დაძიება, რაოდენობისა და ხარისხის დადგენა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს გაზარდოს საბადოების სიცოცხლის ვადა,”- ნათქვამია ანგარიშგებაში.

Forbes-ის თანახმად, ბიზნესმენმა დიმიტრი ტროიცკიმ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში ავტომობილებით ვაჭრობით დააგროვა, შემდგომ კი რუსეთის ერთ-ერთი წარმატებული რიტეილის ქსელი O’Key დააფუძნა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები