მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა

63491581e61dc
BM.GE
14.10.22 13:18
4270
„ვაკის პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს“, - თქვა კახა კალაძემ. “რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა", - ნათქვამია მერიის მიერვე 12 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. ორი მოზარდი საავადმყოფოშია - ერთი ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება; მესამე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ექიმების განცხადებით, სტაბილურია.

„მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, გვიან ღამით კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა.

უკვე მეორე დღეა საგამოძიებო უწყებაში ყველა იმ ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც რაიმე ფორმით შადრევანის რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის +"-ის მენეჯმენტი, რომელმაც ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის რეაბილიტაცია განახორციელა. „მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი“, - თქვა გუშინვე შსს-ში გამოკითხვაზე მისულმა "გრინსერვის +"-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ.

მთლიანად ვაკის პარკის განახლების პროექტი 33 მილიონი ლარი ჯდება, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.

აღსანიშნია, რომ მერიის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული 1-ელი ტენდერი შეწყდა საჩივრის გამო, რომელიც სატენდერო კომისიის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადახედვას მოითხოვდა. მეორე ტენდერი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერი, რომელშიც კომპანია “გრინსერვისი+”-მა გაიმარჯვა, 2021 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მასთან კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.

2022 წლის აგვისტოში თბილისის მთავრობამ შადრევნის და კასკადის ელექტროგაყვანილობის შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და შესაბამისი სერტიფიკატი გასცა.

შპს "გრინსერვისი +" რეგისტრირებულია 2010 წელის 24 ივნისს. შპს „გრინსერვისი +“-ის მესაკუთრეები არიან: 1) კობა ხარშილაძე 33 %; 2) ლაშა ფურცხვანიძე 33%; 3) ტარიელ კიკნაძე 34%. კომპანიის დირექტორი არის ლაშა ფურცხვანიძე.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის მშენებლობა და ნერგების და ჩითილების წარმოება,” - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს კომპანიამ - 18.2 მილიონის, 2019 წელს კი 20 მილიონის შემოსავალი მიიღო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება 2.7 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი - 3.2 მილიონი ლარი.

კომპანია “გრინსერვისი+”-ის შესახებ საუბარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს 2013 წელს სახელმწიფო ფინანსურ დანაშაულს ედავებოდა.

“2013 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავა. გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. შპს „გრინსერვისის“ დაფუძნების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში, მაშინ, როდესაც ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, შპს „გრინსერვისმა” ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა.

2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.

ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ლაშა ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, კობა ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

2010 წელს ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ კიდევ ერთი კომპანია შპს „გრინსერვისი+“ დააარსეს", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები