რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული გამოვლინდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სატენდერო კომისიამ 6 ივლისს ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" გამოავლინა.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია "სმარტ სოლუშენსი" ბიზნესმენ ლევან გოგსაძის საკუთრებაშია და ის 2015 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა იკავებენ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სამ ლოტად დაიყო:
- ბესიკის ქუჩიდან - თავისუფლების მოედნამდე: სავარაუდო ფასი – 7,981,840 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 7,921,830 ლარი;
- სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე: სავარაუდო ფასი – 5,842,569 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 5,781,000 ლარი;
- თ. ჭოველიძის ქუჩიდან - „მერანამდე“: სავარაუდო ფასი – 6,130,241 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 6,070,152 ლარი.
- ჯამი: სავარაუდო ფასი – 19,954,650 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" ფასი ჯამურად 19,772,982 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის თანახმად, კომპანია თეთრ სიაშია და მას რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული, ესენია საქართველოს მელიორაციისთვის და თბილისის მერიისთვის განხორციელებული პროექტები 34.8 მილიონი ლარის ოდენობით:
- შპს „საქართველოს მელიორაცია“: დიმი-რიკოთის სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია — 539,144.27 ლარი.
- შპს „საქართველოს მელიორაცია“: ს. თოხლიაურში გ12-ის გამანაწილებელი ქსელის, პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები — 4,883,094.42 ლარი.
- შპს „საქართველოს მელიორაცია“: ს. თოხლიაურში გ12-ის გამანაწილებელი ქსელის, მე-20 ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები — 4,302,469.60 ლარი.
- შპს „საქართველოს მელიორაცია“: სოფელ სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის სისტემების I და II რიგის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები — 4,269,889.83 ლარი.
- შპს „საქართველოს მელიორაცია“: „ლაკბეს“ წყალსაცავში წყლის დარეგულირების სამუშაოები — 3,560,556.29 ლარი.
- შპს „საქართველოს მელიორაცია“: ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის 341-ის გამანაწილებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები — 8,501,024.61 ლარი.
- თბილისის მუნიციპალიტეტის მერია: ქ. თბილისში თამარაშვილის გამზირისა და ჭ. ამირეჯიბის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები — 1,864,218.90 ლარი.
- თბილისის მუნიციპალიტეტის მერია: თბილისის მასშტაბით რკ/ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები — 2,404,395.70 ლარი.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობა: კორპუსებს შორის არსებული მთავარი ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები (ზემო ფონიჭალაში) — 1,700,809.53 ლარი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.
მიმდინარე წლის თებერვალში კიდევ ერთხელ გამოცხადდა შესაბამისი 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, თუმცა მარტში ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა, ვინაიდან ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.
25 მარტს თბილისის ვიცე-მერმა ჩაშლილ ტენდერთან დაკავშირებით BMG-სთან განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ახალი ტენდერი გამოცხადდებოდა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის დაწყება მაისის შუა რიცხვებიდან იგეგმება. "ჩვენი გეგმაა, რომ მაისის შუა რიცხვებში სამუშაოები დაიწყოს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ის აუცილებლად ჩატარდება”, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თითოეული ეს ტენდერი ერთმანეთისგან ღირებულებით მკვეთრად განსხვავდებოდა, რადგან პროექტი თავდაპირველად 28 მილიონი ლარი ღირდა, რის შემდეგაც ტენდერების ჯამური საფასური თებერვალში 12.3 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერით 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა, შემდეგ კი ფასი დამატებით 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა.




























