პირველი აგვისტო დადგა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებული “საპასუხო ტარიფები” ამოქმედდა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განახლებული დოკუმენტის თანახმად, ცვლილება 68 სახელმწიფოსა და ქვეყანათა გაერთიანებას შეეხო. საქართველო მათ შორის არაა. ტარიფების მოცულობა ზოგან 10%-მდე შემცირდა, ზოგან კი 50%-მდე გაიზარდა.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ყველაზე დიდი დარტყმა ევროპის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქვეყანა შვეიცარიამ და BRICS-ის თანადამფუძნებელმა სამხრეთ აფრიკამ მიიღეს. იმის მიუხედავად, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ქვეყნები ტრამპის მოთხოვნებს არ თანხმდებოდნენ და, შესაბამისად, თეთრი სახლის მხრიდანაც ყველაზე მეტად დაისაჯნენ. თუ 1-ელ აგვისტომდე შვეიცარიაზე 31%-იანი ტარიფი მოქმედებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 39%-მდე გაიზარდა. სამხრეთ აფრიკის შემთხვევაში კი ტარიფები გაორმაგდა და 30%-ი შეადგინა.
უცვლელი დარჩა ომგამოვლილი სირიის მდგომარეობა, რომელსაც აპრილიდან მოყოლებული 41%-იანი ტარიფები ადევს. განახლებული დოკუმენტის თანახმად, არანაკლები დარტყმა მიიღეს აფრიკის წამყვანმა ეკონომიკებმა. 30%-იანი ტარიფები დაუწესდა არამარტო ახლახან ხსენებულ სამხრეთ აფრიკას, არამედ ალჟირს და ლიბიას. რაც შეეხებათ ნიგერიას, ანგოლასა და ლესოთოს, მათ შემთხვევაში მაჩვენებელი 15%-ზე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ტარიფების ზრდის წინაშე ყველა აფრიკული ქვეყანა არ დამდგარა. ბანგლადეშის შემთხვევაში ტარიფები 41%-იდან 20%-მდე შემცირდა.
არანაკლებ მოგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კამბოჯა და ტაილანდი. ორი ქვეყანა, რომლებიც ომმა დააპირისპირა, თუმცა ტრამპის ტარიფების შიშმა მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნა. კამბოჯას შემთხვევაში 49%-იანი ტარიფები 19%-მდე შემცირდა. ასევე 19%-მდე შემცირდა ტაილანდის მაჩვენებელი, რომელსაც 36%-იანი ტარიფები ედო. 1-ელი აგვისტოს დამდეგს ამერიკასთან სავაჭრო შეთანხმება ორივე ქვეყანამ დაასრულა.
24%-იანი ნიშნულიდან 19%-მდე შეუმცირდა ტარიფები მალაიზიას, რაც შეეხება ლაოსსა და მიანმარს, მათ 40%-იანი მაჩვენებელი შეუნარჩუნდათ. სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი შედეგი პაკისტანმა დააფიქსირა, სადაც პროცენტული მაჩვენებელი 10 ნიშნულით შემცირდა და 19%-ი შეადგინა.
ყველაზე შოკის მომგვრელი შვეიცარიასთან ერთად, კანადისთვის დაწესებული ტარიფები აღმოჩნდა. ამერიკის ორი სავაჭრო პარტნიორიდან ერთთან, კანადასთან მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული, თუმცა პალესტინის აღიარების საკითხის წამოწევის მოტივით ტრამპმა მეზობელს ტარიფები 25%-იდან 35%-მდე გაუზარდა. რაც შეეხება ქვეყნის მეორე მეზობელს, მექსიკა 1-ელი აგვისტოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არ დარჩენილა. ტარიფები უცვლელად 90 დღით შენარჩუნდა, რაც ორ ქვეყანას სავაჭრო მოლაპარაკების დადებისთვის მეტ დროს მისცემს.
ტარიფები გაეზარდა ამერიკის უახლოეს პარტნიორს და ჩინეთთან დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, ტაივანს. თუმცა 20%-იანი ნიშნული ტრამპის განცხადებით დროებითია და მოლაპარაკებების დასრულებასთან ერთად შეიცვლება.
ამერიკის 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა სატარიფო ომი, ფაქტობრივად, ფიცის ხელმეორედ დადებისთანავე დაიწყო და ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ეკონომიკური სტრუქტურა ერთი ხელის მოსმით ჩამოშალა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2 აპრილი აღმოჩნდა, როცა ტრამპმა "განთავისუფლების დღე" გამოაცხადა და თითქმის მთელ მსოფლიოს არნახული ტარიფები დაუწესა. აპრილიდან მოყოლებული, ტრამპი სხვადასხვა ქვეყანასთან ამერიკის ინტერესებისთვის სასარგებლო ახალი სავაჭრო შეთანხმებების დადებას ცდილობდა. ზოგ შემთხვევაში ამან გაჭრა, ზოგან კი უარყოფითი რეაგირებაც გამოიწვია. "საპასუხო ტარიფების" 1-ელი აგვისტოსთვის დაანონსება ტრამპმა რიგ ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენა. მათ, ვინც მოახერხეს ხელშეკრულების დადება, მძიმე შედეგებისგან თავი იხსნეს, ხოლო დანარჩენებს ახალ რეალობასთან შეგუება დღეიდან მოუწევთ.




























