მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის გაჰყავს საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - TOP-5 კომპანია

პირუტყვი

საქართველოდან 9 თვეში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი თანხაში 54.5%-ით გაიზარდა, მოცულობაში კი 34.3%-ით.

საქმე ის არის, რომ 2019 წლის დასაწყისიდან, საქართველოდან 140 კილოგრამამდე, მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. შემდგომში, რეგულაცია უფრო დამძიმდა და წონა 160 კგ-მდე გაიზარდა. მაშინ აკრძალვის მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასახელებდნენ, რომ "ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავა, განვითარდება უშუალოდ საქონლის ბაზა, განვითარდება ადგილზე ხორცის წარმოება".

აღნიშნულის წინააღმდეგ საჩივარი "თავისუფლების ინსტიტუტმა" და ქვემო ქვალონელმა გლეხებმა საკონსტიტუციო სასამართლო 2024 წლის დეკემბერში მოიგეს. შედეგად, 1 აპრილიდან ნებისმიერი წონის საქონლის ექსპორტი ისევ დაშვებული გახდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს საქართველოდან ექსპორტზე 58.05 მლნ აშშ დოლარის 17 493 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა, რაც ბოლო 15 წლის რეკორდული რაოდენობაა. აქამდე ყველაზე მეტი $58.04 მლნ-ს საქონელი საქართველომ 9 თვეში 2023 წელს გაიტანა საექსპორტოდ, რაც მიმდინარე წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მცირედ ჩამორჩება.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს წელს, საქართველომ საქონელი მხოლოდ 2 ქვეყანაში გაყიდა.

ერაყში - 36.8 მლნ აშშ დოლარის 11 283 ტონა და აზერბაიჯანში - 21.2 მლნ აშშ დოლარის 6 210 ტონა.

bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა მონაცემები, ვის ეკუთვნის top-5 კომპანია, ვისაც საქართველოდან საზღვარგარეთ მსხვილფეხა პირუტყვი გაჰყავს:

  1. შპს ალტურას - კომპანიის 100% კახაბერი ივანიძეს ეკუთვნის;
  2. შპს კავკას-ყოჩი - კომპანიას სრულად ფლობს მუსახან უზბაშიევი;
  3. შპს მ.კ.გ ჯგუფი - კომპანიის წილის 100%-ს ფლობს მამუკა ადამია;
  4. შპს უნივერსალექსპორტ - წილის 100%-ს ნათიგ ალაზოვი ფლობს;
  5. პს ჰალალ ყასაბი - კომპანიის წილის 100% მაჯით იუსუფოვის საკუთრებაა.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები