მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების” კანონმდებლობის გამკაცრება? - ზურაბ ბეჟაშვილის განმარტება

ზურაბ ბეჟაშვილი

საავტორო უფლებების სპეციალისტი, ადვოკატი ზურაბ ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების” კანონმდებლობაში დაინიცირებული ცვლილებები მნიშვნელოვანია. მან ცვლილებები "საქმის კურსის" ეთერში შეაფასა.

საქმე ისაა, რომ ინტერნეტ მეკობრეობასთან საბრძოლველად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების” კანონმდებლობა მკაცრდება. საქპატენტის შემუშავებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო. ცვლილების ავტორების მიზანია მოხდეს შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობის და მათგან გათავისუფლების საფუძვლების მიღება. საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირებს ენიჭება უფლება შუალედური მომსახურების მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმ კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივი წაშლა ან მასზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც არღვევს მის უფლებებს. კანონით ასევე განისაზღვრება, რომ შუალედური მომსახურების მიმწოდებელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეტყობინების მიღებიდან 24 საათში, უზრუნველყოფს მასალის წაშლას ან მასზე წვდომის შეზღუდვას. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებსაც.

ზურაბ ბეჟაშვილმა განმარტა, თუ რატომ მკაცრდება კანონი და ვინ მოიაზრება შუალედური მომსახურების მიმწოდებლად. მისი თქმით, კანონმდებლობაში გაჩნდება სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმი, რომ უფლების მფლობელმა თავად, კომერციულად დაიცვას საკუთარი უფლებები.

"ეს ფაქტობრივად გამომდინარეობს ელექტრონული კომერციის დირექტივიდან და ბმაშია ელექტრონული კომერციის შესახებ კანონთან. შუალედური მომსახურების მიმწოდებლად კანონი მიიჩნევს სამ პირს: ვინც ახორციელებს ინფორმაციის გატარებას, ქეშირებას და ჰოსტინგს. რეალურად რომ შევხედოთ, სამართალში ჩამოყალიბდა არაპირდაპირი პასუხისმგებლობის დოქტრინა, რაც ნიშნავს, რომ შენ შეიშლება პირდაპირ არ ახორციელებ უფლების მფლობელის უფლებების ხელყოფას, თუმცა თუ ეს შენს პლათრფორმაზე ხდება და გაქვს ბერკეტი, ეფექტური მექანიზმი, რომ აღკვეთო ეს დარღვევა და არ აკეთებ, გამოდიხარ არაპირდაპირი დამრღვევი. ზოგადად, არაპირდაპირ პასუხისმგებლობას ისედაც ითვალისწინებდა ჩვენი კანონმდებლობა, უბრალოდ ახლა შემოვიდა ეფექტური მექანიზმი, რომ უფლების მფლობელს საკუთარი უფლებების დაცვა გაუმარტივდეს. ეს გულისხმობს, რომ ის წერს წერილს შუალედური მომსახურების მიმწოდებელს, უსაბუთებს, რომ თავად არის უფლების მფლობელი და შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ირჩევს მხარეს. ის თუ აირჩევს უფლების მფლობელის მხარეს, ბლოკავს კონკრეტულ არალეგალურ პროდუქციას ვებგვერდზე და აძლევს რეაგირებისთვის დროს. თუ შუალედური ინფორმაციის მიმწოდებელმა ჩემი მხარე აირჩია, მე უკვე ვიცი, ვინაა დამრღვევი და ვის ვუჩივლო, ხოლო თუ ჩემი მხარე არ აირჩია, შემიძლია თავად შუალედური მომსახურების მიმწოდებელს ვუჩივლო სამოქალაქო წესით",- ამბობს ზურაბ ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, უფლების მფლობელს დამრღვევისგან შეუძლია მოითხოვოს ბევრი რამ.

"პირველი შეიძლება იყოს უფლების აღიარება, დარღვევის აღკვეთა, დარღვევით დაგენერირებული შემოსავლის ჩამორთმევა, კომპენსაცია. კომპენსაციის ნაწილში კანონმდებლობა ამბობს, რომ თუ ორ კვირაში რეაგირებას არ მოახდენს დამრღვევი, უფლების მფლობელს შეუძლია მოითხოივოს კანონიერად გამოყენების შემთხვევაში მისაღები ჰონორარის ათმაგი ოდენობა",- ამბობს ზურაბ ბეჟაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები