მუნიციპალიტეტებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის(DMO) შექმნის სამართლებრივი საფუძველი მიეცემათ. შესაბამისი ცვლილებები შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“.
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტებს ექნებათ უფლებამოსილება დააფუძნონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.
„კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ წინასწარ ვერ დადგინდება რომელი მუნიციპალიტეტი გამოთქვამს სურვილს ზემოაღნიშნული ორგანიზაციის დასაფუძნებლად, ასევე წინასწარ ვერ განისაზღვრება რა ადამიანური რესურსი იქნება საჭირო მისი ფუნქციონირებისთვის, აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მუნიციპალიტეტმა შეიძლება არსებული ადამიანური რესურსის ბაზაზე დააფუძნოს ორგანიზაცია. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე. ორგანიზაციის დაფუძნების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ხარჯებს საკუთარი ბიუჯეტიდან აანაზღაურებს.
კანონპროექტით დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) სტატუსის გაცემასა და შეჩერებაზე უფლებამოსილი ორგანოა ადმინისტრაცია, ასევე კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან თითო-თითო წარმომადგენელი მონაწილეობს DMO-ს მართვისა და წარმომადგენლობის ორგანოებში.
მისი დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. აღნიშნული ფუნქციის აღსრულებისთვის, 2023-2024 წლებში ადმინისტრაციის მიერ დამატებითი კადრის აყვანა არ იგეგმება. თუმცა 2025 წლიდან, იმ შემთხვევაში თუ მოხდება DMO-ების გაძლიერება და მათი აქტივობების გაფართოება ადმინისტრაციას გაუჩნდება დამატებით ერთი კადრის აყვანის საჭიროება, რომლის სახელფასო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯი წლიურად მოსალოდნელია განისაზღვროს 21,390 ლარით(ხელფასების გაანგარიშებულია ადმინისტრაციის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე, რომელიც შეადგენს 1680 ლარს.), ხოლო კადრის აყვანასთან დაკავშირებული ერთჯერადი ხარჯი (კომპიუტერის, ავეჯისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა) დაახლოებით 4,244 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი იქნება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან (ამ შემთხვევაში ორივე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯია) ასევე იქნება გასაწევი ხარჯი ამ მიმართულებით.
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან DMO-ების გაძლიერებისა და მათი აქტივობების გაფართოების გამო მუნიციპალიტეტს და სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაუჩნდება დამატებით ერთი კადრის აყვანის საჭიროება, რომლის საშემოსავლო გადასახადი მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი “ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც გაწერილია ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და მიზანშეწონილია აღნიშნული ცვლილება მასთან ერთად იქნეს მიღებული.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, რადგან პროექტი არ საჭიროებს დამატებით დროს ან პირობებს მის
სრულად ასამოქმედებლად, პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ინფორმაციისთვის აღსანიშნავია, რომ DMO-ები საქართველოში უკვე არსებობს: ა(ა)იპ − იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ა(ა)იპ − სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ა(ა) იპ − სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ა(ა)იპ − სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „შანლენდ“ და ა(ა)იპ − კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“. რომელთა მთავარი ფუნქცია რეგიონის, როგორც ტურისტული ბრენდის პოპულარიზაციაა. DMO-ების საქმიანობას მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებენ.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გელა სამხარაული, ირაკლი კირცხალია.