მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის უნდა მიმართონ სტატუსაღდგენილმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესში ჩასართველად? - ილიაუნის განმარტება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილება  გამოქვეყნდა, რომელშიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დავალიანების განულების წესებია გაწერილი. დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ უნივერსიტეტები განათლების სამინისტროს დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სიად თავად მიაწოდებენ. 

საკითხზე, თუ როგორ მოხვდებიან ამ სიაში სტატუსშეჩერებული სტუდენტები და არის თუ არა მათგან სამინისტროსთვის ან უნივერსიტეტებისთვის მიმართვა საჭირო, BM.GE ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ნებისმიერი სტატუსშეჩერებული სტუდენტი განათლების სამინისტროში წარსადგენ სიაში ავტომატურად მოხვდება და ავტომატურადვე გაუნულდება ფინანსური დავალიანება, თუმცა მათ, ვისაც სტუდენტის სტატუსის აღდგენისთანავე სურთ სასწავლო პროცესში ჩართვა, უნივერსიტეტებს უნდა მიმართონ.

“უნივერსიტეტს აქვს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და უზრუნველყოფს დადგენილი კატეგორიისთვის დავალიანების ავტომატურ ჩამოწერას, სტუდენტთა მომართვიანობა [ამ შემთხვევაში] საჭირო არ არის.

მათთვის კი, ვინც დავალიანების ჩამოწერის შემდეგ აღიდგენს სტატუსს , ანუ ახლა ჩაერთვება პროცესში, შესაბამისი ფაკულტეტების ადმინისტრაცია ინდივიდუალურად გაუწევს კოორდინირებას. შემოსული განცხადებების საფუძველზე თითოეული სტუდენტისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მომზადდება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი სწავლის გაგრძელების პირობები”, - განმარტავს თამარ ღვინიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, 2023 წლის შემოდგომის სემესტრში რეგისტრაციის ბოლო ვადა ილიას უნივერსიტეტში 13 ოქტომბერია, მომავალ სასწავლო სემესტრში ან სასწავლო წელს კი სტუდენტს საშუალება ექნება, უნივერსიტეტს განცხადებით სწავლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მიმართოს.

“ილიაუნი ნებისმიერ სტუდენტს აძლევს საშუალებას სწავლის საფასური გადაიხადოს საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე: ერთჯერადი გადახდიდან, ათჯერადამდე გადახდის პირობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების მიხედვით. სწავლის საფასურის გადახდის ეს უნიკალური სისტემა, ბუნებრივია ვრცელდება სტატუსაღდგენილ სტუდენტებზეც, რომლებსაც ინდივიდუალური ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან”, - აღნიშნავს თამარ ღვინიანიძე.

2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების მქონე 3866 სტუდენტი ირიცხება. ღვინიანიძის თქმით, ამ დრომდე სასწავლო პროცესში ჩართვის სურვილით უნივერსიტეტს 215-მა სტუდენტმა მიმართა, თუმცა განცხადებების მიღება გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები