ქართულ “თიბისი ბანკის ჯგუფში” შემავალმა TBC UZ-მა, რომელიც უზბეკეთში უმსხვილესი სრულად ციფრული ბანკია, Mastercard-თან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო.
როგორც bm.ge-ის TBC UZ-დან აცნობეს, ამ გზით ციფრული ბანკი აგრძელებს გლობალური გადახდებისა და ფულადი გზავნილების ინფრასტრუქტურის შექმნას.
TBC UZ-ის თანახმად, Mastercard-თან თანამშრომლობა, რომელიც მოჰყვა Visa-სთან 22 ოქტომბერს გამოცხადებულ მსგავს ხელშეკრულებას, საფუძველს ჩაუყრის TBC UZ-ის მიერ Mastercard ბარათების დანერგვას და გადახდების დამატებით გადაწყვეტებს, რაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ გადახდის საშუალებებს გაამრავალფეროვნებს, ამასთან კიდევ უფრო გააუმჯობესებს ონლაინ შოპინგის, საერთაშორისო შესყიდვების და ფულის გადარიცხვის შესაძლებლობებს.
TBC UZ-ში აღნიშნავენ, რომ Mastercard ბარათები ინტეგრირებული იქნება პროდუქტების არსებულ პაკეტში, რომელიც ხელმისაწვდომია TBC Uzbekistan-ის ციფრული ეკოსისტემის საშუალებით. აქ TBC UZ-თან ერთად, შედის ციფრული გადახდების აპლიკაცია Payme და საკრედიტო ბიზნესი - Payme Nasiya-ც.
TBC UZ, რომელიც 16 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებელს ემსახურება, გეგმავს წარადგინოს Mastercard ბარათები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად გამოიყენონ გლობალური სავაჭრო პლატფორმები, როგორიცაა Amazon-ი და შესაბამისად, მომხმარებელს შესთავაზოს ერთი საბანკო ბარათი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოყენებისთვის.
ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიები გეგმავენ მომხმარებლებს შესთავაზონ ლოიალობის სქემები, როგორიცაა ქეშბექები და სხვა უპირატესობები.
"მოხარულები ვართ Mastercard-თან თანამშრომლობით, რადგან ვაგრძელებთ ჩვენი პროდუქტის შეთავაზების გაფართოებას, რომ მომხმარებლებს მივცეთ წვდომა მათთვის მოსახერხებელი ციფრული ფინანსური სერვისების ფართო სპექტრზე. ეს პარტნიორობა აღნიშნავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენს მისიაში, გავამარტივოთ ადამიანების ცხოვრება, რამდენადაც ვაგრძელებთ მსოფლიო დონის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მშენებლობას უზბეკეთში", - განაცხადა "თიბისი უზბეკეთის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა.
ცნობისთვის, "თიბისი" უზბეკეთის ბაზარზე 2020 წელს შევიდა. ციფრული ბანკის გარდა, "თიბისი უზბეკეთი" ფლობს Payme-ს, ანუ ციფრული გადახდების აპლიკაციას ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესისთვის, ასევე საკრედიტო ბიზნესს სახელწოდებით Payme Nasiya.