მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC UZ-ის AI-მიმართულებას კონსტანტინ კრუგლოვი უხელმძღვანელებს

კონსტანტინ კრუგლოვი

“თიბისი უზბეკეთის” მმართველობაში მნიშვნელოვანი სიახლეა - ქართული კომპანიის უზბეკური ბიზნესის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას Yandex-ის ექსპერიმენტული პროდუქტების ყოფილი ხელმძღვანელი, კონსტანტინ კრუგლოვი უხელმძღვანელებს. როგორც “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, ნიკა ქურდიანი LinkedIn-ზე წერს, კრუგლოვი “თიბისი ჯგუფში” იმუშავებს, რაც უზბეკურ ციფრულ ბანკს და გადახდების უდიდეს უზბეკურ პლატფორმას, Payme-ის გულისხმობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში, კონსტანტინ კრუგლოვი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია, რომელმაც კარიერა ამერიკულ EPAM Systems-ში დაიწყო და მოგვიანებით, Amazon Alexa-ს რუსულენოვანი ანალოგის, Yandex-ის ჭკვიანი დინამიკის, Yandex Station-ის განვითარებას ხელმძღვანელობდა. კონსტანტინ კრუგლოვს Sberbank-შიც უმუშავია, სადაც ბანკის მონაცემთა ანალიზის და მოწყობილობების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა. საინტერესოა, რომ კრუგლოვი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორ სტარტაპს ავითარებს, ესენია - Aiphoria და Aiuta.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელის აყვანის შესახებ “თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში განაცხადა, ჯერ კიდევ თებერვალში. როგორც ქურდიანი იმ დროს ამბობდა, ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჯგუფისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც, Space International-ში “AI-მიმართულების ხელმძღვანელის” თანამდებობა შეიქმნა, რომელზედაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანი დასაქმდა.

“ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენების სტრატეგიული მასშტაბი ძალიან დიდია, რის გამოც ცალკე მდგომი პოზიცია შევქმენით - “AI-მიმართულების ხელმძღვანელი”. ამ ადამიანის ვინაობას, ჯერჯერობით, არ დავასახელებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროფესიონალია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომელსაც ისეთი ინსტრუმენტები შეუქმნია, რომლებიც Amazon-ს, Apple-სა და Google-ს აქვთ გაშვებული.

ეს ადამიანი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. კომპანიაში ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას შექმნის და ყველანაირ ინსტრუმენტს განავითარებს, რომლის განვითარებაც შეიძლება, რადგან ვფიქრობთ, რომ შემდეგი ბანკი - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ე.წ. “AI-Driven” ბანკი იქნება. მობილური ტელეფონი, შესაძლოა, ურთიერთობის მედიუმად დარჩეს, მაგრამ შიგნით, აპლიკაციის ნაცვლად, რაღაც სხვა იქნება, მაგრამ რა იქნება ეს “სხვა” - ცნობისმოყვარეობა და ინოვაციურობა გვანახვებს. შინაარსობრივად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივაა”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა თებერვალში, BMG Talks-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები