მე არ მგონია, რომ ადამიანს ბინის ყიდვა რომ არ უნდოდა, ახლა, რადგან 4%-იანი სუბსიდირება ხდება ის ბინას იყიდის, - ამის შესახებ მენაშენეთა ასოცისიის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორის სტიმულირების გეგმის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი როსტომაშვილმა განმარტა, ბინას ადამიანები დაგეგმილად ყიდულობენ და მთავრობას ახლა ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, არსებული ვითარება შემოდგომაზე იჩენდა თავს.
„რაღაც სტატისტიკაზე უფრო მეტი გაყიდვები იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ვისაც ბინის ყიდვა უნდოდა და ყველაფერი გარკვეული ჰქონდა, ის დაჩქარდება და თუ ეკონომიკაში ამით შემოვა ბევრი ფული, ცხადია კარგი არის. ეს პროგრამა უკეთესი არის, ვიდრე რომ არაფერი გაკეთებულიყო.
ვისაც ბინის ყიდვა გადაწყვეტილი ჰქონდა, ის არ არის იმაზე დამოკიდებული, რომ 2 თვით პანდემიის გამო ხელფასი რომ დაუგვიანდა, მაგის გამო ბინა ვერ იყიდოს. მაგრამ ახლა ეს ნაბიჯები, რომ არ გადადგმულიყო ეს პროცესი თავს ამოყოფდა შემოდგომაზე, ანუ დღეს აღარ დაიწყებოდა აქტივობები და დღეს, რაც ბინები იყიდება, ეს არის ნოემბერში და დეკემბერში შერჩეული ბინები“, - აღნიშნა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ირაკლი როსტომაშვილის თქმით, იპოთეკურ სესხებზე ლიმიტის დაწესებამ შესაძლოა ფასების შემცირებაც გამოიწვიოს იმის მიხედვით, როგორი იქნება მოთხოვნა.