ე.წ. საპენსიო სესხების თემაზე ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პენსიონერებს სხვა ბანკებში სესხის აღების საშუალება არ აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება - როგორც „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, ყველა პენსიონერს აქვს თავისუფალი არჩევანი და შესაძლებლობა, მოთხოვნის საფუძველზე, კუთვნილი პენსია „ლიბერთი ბანკის“ მსგავსად, ასევე სრულიად უფასოდ მისთვის სასურველ ბანკში აიღოს. შესაბამისად, ნებისმიერ პენსიონერს შეუძლია, იმავე ბანკში აიღოს სესხი, სადაც პენსიას გადაიტანს.
“საპენსიო სესხებთან მიმართებით იყო, უკვე არაერთხელ შედგა შეხვედრა, გაიმართა საკომიტეტო მოსმენაც და ცალსახად ითქვა, რომ ამ სესხებზე, საუბარია, 1000-1500 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე, არის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. ლარში საპროცენტო განაკვეთი არაუზრურნველყოფილ სესხებში რაც გვაქვს, ეს საკითხის ერთი მხარეა და შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ მეორე მხრივ, მსჯელობა იმაზე, რომ ის ამოვარდნილად მაღალია, არ იქნება სწორი. ამასთან, ამ ადამიანებს, ვისაც აქვს საპენსიო სესხები, მაგალითად, „ლიბერთი ბანკში“, შეუძლია სხვა ბანკებშიც აიღოს კრედიტი.
რაც შეეხება საუბარს იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა ექსკლუზივი „ლიბერთი ბანკს“, როგორც ვიცი, უახლოეს პერიოდში იქნება ტენდერი და ვნახავთ, რა შემოთავაზებები დაფიქსირდება, რა მომსახურების პირობები. 1 წლის წინ იყო მცდელობა ამ ტენდერის ჩატარების, მაგრამ მზაობა არ იყო სხვა ბანკების მხრიდან, რომ სრულად შეეთავაზებინათ ის სერვისი რაზეც არის საუბარი“, - განაცხადა ძნელაძემ.
დღევანდელი მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ უფროსი თაობის მომხმარებლიდან, საშუალოდ, სამომხმარებლო სესხით ჯამური რაოდენობის მესამედი სარგებლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიბერთის“ გარდა, პენსიონერები სამომხმარებლო სესხებით სხვა ბანკებშიც აქტიურად სარგებლობენ და საერთო ჯამში, ასეთი სესხების მოცულობა 2 მილიარდი ლარია.