საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საბანკო სექტორში ორი უმსხვილესი ბანკის წილი მცირედით შემცირდა. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" ისაუბრა.
2025 წლის რვა თვის მაჩვენებლებით, "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" აქტივების წილი სექტორის მთლიანი ზომის 76.6%-ია, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ორი უმსხვილესი ბანკის კონცენტრაციის მაჩვენებელი 77.9% იყო. შესაბამისად კლება 1.3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ამ კლების განმაპირობებელი ფაქტორებია "ლიბერთის", "ბაზისბანკის" და სხვა ბანკების აქტივების ზრდა და ბაზარზე მიკრობანკების შემოსვლა.
"100 მლრდ ლარს გადააჭარბა საბანკო სექტორის აქტივებმა. მშპ-სთან ახლოს ვართ და ეს მაჩვენებელი ცვლადია, თუმცა შეგვიძლია მეორე მხრივ ვთქვათ, რომ იყო ანალიზი ვადაგადაცილებულ სესხების მოცულობასთან და რაოდენობასთან მიმართებით, აბსოლუტურ მაჩვენებელში მზარდია, მაგრამ პროცენტულ მაჩვენებელში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მუდმივად შემცირებადი ხასიათი აქვს. ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების კუთხით არამხოლოდ რეგიონში და ევროკავშირთან მიმართებით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს.
შიდა გადანაწილებაში კონცეტრაციაში 2 მსხვილი ბანკის წილი მცირედით შემცირებულია. აქ ორ ფაქტორს გავუსვამ ხაზს - შემოვიდა ახალი 2 მიკრობანკი თავისი საკრედიტო პორტფელით, რამაც იმოქმედა და მეორე საკითხი კი ის არის, რომ შედარებით მცირე ბანკების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია. ბანკების ხუთეულში „ლიბერთი ბანკის“, „ბაზისბანკის“ და „კრედოს“ ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ შემდეგ რომელი ბანკებიც არის, იქაც ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია. ეს იმის წინაპირობაა, რომ ახალი ლიცენზიების გაცემა, ზრდის ტემპის ასეთი მაჩვენებლებით იზრდება კონკურენცია, შეთავაზებები და მომხმარებლებისთვის უკეთეს სურათსაც უნდა ველოდოთ", - ბიემჯის ეთერში აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
პარალელურად, საბანკო სექტორის სიდიდით მესამე და მეოთხე ბანკები გაერთიანებას განიხილავენ. სებ-მა წინასწარი შეფასებით უკვე აღნიშნა, რომ ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შესყიდვა სექტორში კონკურენციის მაჩვენებელზე ნეგატიურად არ აისახება. გაერთიანებული ბანკის ზომა მთლიანი სექტორის 9.90% იქნება.
2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები ასე ნაწილდება:
| # | ბანკი | აქტივების ზომა ლარებში | წილი |
| 1 | საქართველოს ბანკი | 39,404,288,000 ლარი; | 38.70% |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 38,679,266,000 ლარი; | 38.00% |
| 3 | ლიბერთი ბანკი | 5,654,891,000 ლარი; | 5.60% |
| 4 | ბაზის ბანკი | 4,335,197,000 ლარი; | 4.30% |
| 5 | კრედო ბანკი | 3,518,212,000 ლარი; | 3.50% |
| 6 | ტერა ბანკი | 2,155,992,000 ლარი; | 2.10% |
| 7 | პროკრედიტ ბანკი | 2,117,471,000 ლარი; | 2.10% |
| 8 | ქართუ ბანკი | 1,825,851,000 ლარი; | 1.80% |
| 9 | ხალიკ ბანკი | 1,071,734,000 ლარი; | 1.10% |
| 10 | პაშაბანკი | 670,891,000 ლარი; | 0.70% |
| 11 | მიკრობანკი კრისტალი | 641,845,000 ლარი; | 0.60% |
| 12 | იშ ბანკ | 476,622,000 ლარი; | 0.50% |
| 13 | ვი–თი–ბი ბანკი | 442,884,000 ლარი; | 0.40% |
| 14 | ზირაათ ბანკი | 359,911,000 ლარი; | 0.40% |
| 15 | სილქ ბანკი | 212,493,000 ლარი; | 0.20% |
| 16 | მიკრობანკი ემბისი | 172,072,000 ლარი; | 0.20% |
| 17 | პეივბანკი | 74,628,000 ლარი; | 0.10% |
| 18 | ჰეშბანკი | 40,098,000 ლარი; | 0.06% |
| 19 | პეისერა | 23,064,000 ლარი; | 0.03% |




























