მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისაც ქართულ გასტრონომიაში ინვესტიციის ჩადება სურს, ხშირად უცხოეთში ხსნის რესტორანს - ახალი ტენდენციაა|რესტორატორი

შოთა ბურჯანაძე

"ახალი ტენდენციაა: ვისაც ქართულ გასტრონომიაში ინვესტიციის ჩადების სურვილი აქვს, ხშირ შემთხვევაში უცხოეთში ხსნის რესტორანს", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა საქართველოს სარესტორნო ბიზნესის საინვესტიციო მიმზიდველობა იყო.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში სულ რაღაც 202 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო. ასეთი დაბალი მაჩვენებელი ამ სექტორში პანდემიურ, 2020 წლის პირველ კვარტალშიც კი არ დაფიქსირებულა. შედარებისთვის: შარშან სექტორში 43 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. თუ ბოლო ხუთ წელს შევხედავთ, FDI პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ უბრუნდება. ყველაზე კარგი პერიოდი 2022 წელი იყო - 64 მილიონით.

შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ინვესტიციების კლებადი ტენდენცია, პირველ რიგში, ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ გარემოსა და პოლიტიკურ რყევებს უკავშირდება.

რესტორატორი წუხს იმის გამოც, რომ რისკის ქვეშ დგას სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროპული ვიზალიბერალიზაცია, რომლის დაკარგვაც ქართულ ტურიზმს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

- ჩვენ ძალიან კარგ რელსებზე ვიყავით, როდესაც ევროპელები მივაჩვიეთ ჩვენს კულტურას. ევროპამ შეითვისა და მოეწონა ქართული სამზარეულო, აქ ზუსტად იმ ენერგიას იღებდნენ, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ამიტომაც იყო მათთვის საქართველო ყოველთვის სასურველი ადგილი. ახლა რაც ხდება ევროპასთან მიმართებით, ჩემთვის ძალიან გულსატკენი და წარმოუდგენელია… იმ შემთხვევაში, თუ დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციას, ეს მხოლოდ ჩვენი პირადი პრობლემა არ იქნება, რომ სადმე ვიზის გარეშე ვერ წავალთ - ეს იქნება მთლიანად ტურისტული სფეროს უდიდესი პრობლემა. ის, რაც დასავლეთიდან საქართველოში ქუთაისის აეროპორტმა, ბათუმის აეროპორტმა და შემდეგ ამ სფეროში განვითარებულმა სხვადასხვა მიმართულებებმა შეძლო, ეს ყველაფერი მოკვდება. თუ ქვეყანაში არ იქნება იაფი ფრენები, არავითარ შემთხვევაში არ შეგვინარჩუნდება ის, რაც დღეს გვაქვს. ვიზალიბერალიზაციის საფრთხე ჩვენი სფეროსთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

- რამდენად მიმზიდველია საქართველოს სარესტორნო ბიზნესი დღეს ინვესტორებისთვის? - FDI-ს სტატისტიკის თანახმად, სახარბიელო ტენდენცია არაა… მაგალითად, თქვენ რამდენად ხშირად იღებთ შეთავაზებებს ახალი რესტორნის მართვაზე?

- დიახ, ახლა ასეთი ტენდენციაა: ვისაც ქართულ გასტრონომიაში ინვესტიციის ჩადების სურვილი აქვს, ხშირ შემთხვევაში ფულს უცხოეთში დებს…

- რატომ - ქართული სარესტორნო ბაზარი გაჯერდა?

- არა, ბაზარი გაჯერებული არ არის, უბრალოდ არის აღქმა, რომ უცხოეთში, ევროპაში უფრო მეტი ფულის შოვნაა შესაძლებელი. ეს ხშირ შემთხვევაში ამართლებს, რიგ შემთხვევებში - ვერა.

- რომელი ქვეყნებში გთავაზობენ რესტორნების მართვას?

- ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში… ძალიან ბევრი მზარეულია, რომლებსაც თავიანთი ბიზნესი აქვთ და ხშირად იღებენ მოწვევებსა და შესაძლებლობებს უცხოეთიდან. გერმანია და ამერიკა ამ მხრივ ძალიან დიდი მიზიდულობის ძალაა და ინვესტიციებიც ხშირად ამ კუთხით მიედინება. იმ ადამიანებს, ვისაც დღეს საქართველოში კარგი რესტორნები აქვთ, უცხოეთში ქართული რესტორნების ფრანშიზების გატანის სურვილი უჩნდებათ. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი ტენდენციაა… თუმცა შიდა ინვესტიციების კუთხით ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ რესტორანი ცუდი ბიზნესია - რესტორანი ძალიან კარგი ბიზნესია, თუ ეს საქმე გიყვარს. პრობლემა ისაა, უკვე 10 წელიწადია, შესაძლოა მეტიც, რომ ბიზნესმენს სტაბილურობის განცდა არ აქვს. როდესაც სტაბილურობა არ იგრძნობა და სულ რყევაა - კოვიდი იქნება, ომი, პოლიტიკური შეუთავსებლობა თუ შიდა არეულობა - ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სარესტორნო, სასტუმრო და ტურიზმის სფეროებს ურტყამს. როდესაც სტაბილურობის განცდა არ გაქვს, მხოლოდ სურვილებზე დაყრდნობით ნორმალური ბიზნესი დიდი ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებს… მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, ვინც მაინც დებს ინვესტიციებს - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას აპირებენ, ძირითადად, რუსეთიდან ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, სადაც ფული იშოვეს და ახლა აქ აკეთებენ ინვესტიციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები