დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
„საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემას და მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროებში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„შეხვედრაზე კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა. მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროებში. ყველა ეს სფერო თანაბრად პრიორიტეტულია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. განიხილეს ასევე პარტნიორობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.