„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოს მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტის განხორციელებას გეგმავს.
9 157 კვ.მ. -ის მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც სხდომაზე საკითხის წარდგენისას თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ განაცხადა, შენობების სართულების რაოდენობა და სიმაღლე განაშენიანების გეგმის რეგულირების პროცესში დაზუსტდება.
„ტერიტორიის საერთო ფართია 9 157 კვ.მ. ტერიტორია ვითარდება საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 2 და სატრანსპორტო ზონა 1-ით, სადაც განთავსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსი. ფუნქციური გადანაწილება არის 95% საცხოვრებელი და 5% საზოგადოებრივი“, - აღნიშნა ჩიტიძემ.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე მარშალ გელოვანის გამზირზე „ვისოლ ჯგუფის“ პროექტის განაშენიანების გეგმაზე თანხმობის გაცემისას, გაითვალისწინეს თუ არა ის, რომ მარშალ გელოვანის გამზირზე დატვირთული მოძრაობაა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ ასე უპასუხა:
„ჩვენ არ ვუყურებთ ამას კონკრეტული ბიზნესის, „ვისოლ ჯგუფი“ იქნება ეს თუ სხვა კომპანიის ჭრილში. ამ თვალსაზრისით არის ხოლმე მსხვილი ბიზნესების, რომლებიც მკვეთრად ოპოზიციას წარმოადგენენ და მათი შემოტანილი გრგ-ებიც საფუძვლიანად განიხილება. ასე რომ ჩვენ არ ვუყურებთ ამას ეს „ვისოლ ჯგუფის“ არის თუ ნებისმიერი სხვა კომპანიის, რომელიც დღეს საქართველოში ოპერირებს. ის რაც სატრანსპორტო პოლიტიკას ეხება, ამ მხრივ პრობლემები არის, მაგრამ ეტაპობრივად გავუმკლავდებით“.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ მიერ მარშალ გელოვანის გამზირზე დაგეგმილი პროექტის დეტალების გასაგებად BM.GE-მ კომპანიას მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.




























