მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისურვებდი, BAG-მ IV კვარტალში ბიზნესის მოლოდინებზე ისაუბროს, ანგარიში მივაწოდეთ - ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის ინფორმაციით, BAG-ის ბიზნესკლიმატის ინდექსით, IV კვარტალში ბიზნესის განწყობა და მოლოდინები მცირედით გაუარესებული იყო.

საქმე ის არის, რომ BAG ინდექსს საქართველოს ბიზნესასოციაციის დაკვეთით PMC კვლევითი ცენტრი ამზადებს და როგორც გიორგი ხიშტოვანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, IV კვარტალის ანგარიში PMC-მ დამკვეთს უკვე მიაწოდა.

ამასთან, როგორც გიორგი ხიშტოვანმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ BAG-ის წევრების გამოკითხვა ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა ანუ იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციას შეაჩერებდა, შესაძლოა, BAG ინდექსი ბიზნესის მოლოდინების შესახებ რეალურს სურათს არ ასახავდეს.

„BAG-ის წევრების გამოკითხვა ისეთ დროს ჩატარდა, შედეგები სრულ სურათს ვერ ასახავს, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ IV კვარტალში, როდესაც გამოკითხვა ჩავატარეთ, ბიზნესის განწყობა მცირედით უკვე გაუარესებული იყო. ვისურვებდი, BAG-მ ამ ანგარიშზე, ჩვენთან ერთად, უფრო აქტიურად ისაუბროს, რადგან ეს მათი პროდუქტია და თუ გაასაჯაროებენ, შედეგებზეც უფრო დეტალურად ვისაუბრებ“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა და იქვე დასძინა, რომ 2025 წლის I კვარტალის BAG ინდექსის კვლევისთვის, კომპანიების გამოკითხვა, წესით, თებერვლის დასაწყისში უნდა დაიწყონ.

„მგონია, რომ ეს იქნება საუკეთესო პროდუქტი, რომელიც, შეიძლება, BAG-მ მისცეს საზოგადოებას, როგორც ბიზნესასოციაციამ. ეს იქნება ინდექსი, რომელიც BAG-ის ყველა წევრის აგრეგირებულ, დამოუკიდებელ და კონფიდენციალურ შედეგებს გააერთიანებს. კვლევის შედეგი ყველაზე კარგად დაგვანახებდა, როგორც მინიმუმ იმ სეგმენტის განწყობებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით , რომელსაც BAG აერთიანებს და ეს არის, ძირითადად, საშუალო და მსხვილი ბიზნესი“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ინფორმაციისთვის: 2009 წელს დაფუძნებული BAG 130-მდე ბიზნესჯგუფს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა ხელისუფლებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები