მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისზე გავრცელდება პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის აკრძალვა? - კობახიძის პასუხი

კობახიძე

ვინც იყო ჩართული საბოტაჟში, ვინც არ ასვენებდა ამ ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე გავრცელდება - ასე უპასუხა "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, ნაციონალური მოძრაობის წევრების გარდა, ვისზე გავრცელდება პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის აკრძალვა.

2012 წლამდე ვინც იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, მათზე აუცილებლად გავრცელდება სარჩელი და ასევე გავრცელდება მათზე, ვინც 2012 წლის შემდგომ, ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში.

„სრულ სიას იხიალვთ თქვენ იმ დღეს, როდესაც შევა ოფიციალურად სარჩელი, რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს. პრინციპი არის შემდეგი - პირველი ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა მათზე აუცილებლად გავრცელდება სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი, დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე.

ყველა ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მომზადდება საბოლოოდ სარჩელი. ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. დღეს ჩვენთან, პოლიტიკურ სისტემაში, არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება. ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას გააუქმებს მასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, პარტიის წევრობა და თანამდებობის დაკავება.

კერძოდ, განმარტებით ბარათში წერია, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა, კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება იმ პირს, რომელიც აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები