რუსეთმა უნდა დაასრულოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა. ამის შესახებ დიდი შვიდეულის (G7) ლიდერების კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
სამიტზე, რომელიც 13-15 ივნისს მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინა იყო. კომუნიკეს თანახმად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზიანი 486 მილიარდ დოლარს აღემატება.
ამას გარდა, სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული ამონაგების გამოყენებით, წლის ბოლომდე, უკრაინისთვის 50 მლრდ დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.
მანამდე, 14 ივნისს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. ბრიუსელში პრესკონფერენციის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებული წინადადებები "არასერიოზულია".
არსებობს თუ არა ომის დასრულების რეალური წინაპირობები და რა სცენარით შეიძლება პროცესები განვითარდეს?
სტუმარი: გიგა ინაშვილი - შეიარაღების სპეციალისტი;