ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირმა “ვიტესს” 18 ქულა დააკლო და ქვედა დივიზიონში დააქვეითა. სასჯელის მიზეზი კი ლიცენზირების პრობლემა და ფინანსებია. კლუბი რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის, ვალერი ოიფის მფლობელობაში იყო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, გუნდს სანქციების გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. მდგომარეობა კი არც მას შემდეგ გამოსწორებულა, რაც “ვიტესი” გაიყიდა.
არნემული კლუბის დროებითმა დირექტორმა ედვინ რეინჩესმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კლუბმა გასულ ხუთშაბათს ფანებს დახმარებისთვის მიმართა, თხოვნას ბევრი გამოეხმაურა, მათ შორის გუნდის ყოფილი ვარსკვლავები: ლოის ოპენდა, რემკო პასვერი და გურამ კაშია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ამ ენთუზიაზმის მიუხედავად, ჯერ ცნობილი არ არის, რამდენად შეძლებს “ვიტესი” არსებობის გაგრძელებას, რადგან გუნდს კვლავ მილიონობით ვალი აქვს. “ვიტესმა” მაისის შუამდე უნდა მოახერხოს და ვალერი ოიფის აქციები დამოუკიდებელ მეპატრონეს გადაუფორმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდაც პროფესიული კლუბის ლიცენზიას დაკარგავს.
კლუბის ფანებს გუნდისთვის ფინანსური დახმარების გადარიცხვა “ვიტესის” ოფიციალური საიტის მეშვეობით შეუძლიათ, მინიმალური დონაცია 100 ევროს, ხოლო მაქსიმალური 10 ათასს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ კლუბი მაინც ვერ შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას, ეს თანხები გულშემატკივრებს უკან დაუბრუნდებათ.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია არნემულ გუნდში 2010-2018 წლებში თამაშობდა, სადაც წლების განმავლობაში კაპიტანიც იყო. კაშიამ ჯამში 293 მატჩი გამართა, 24 გოლი გაიტანა, 18 საგოლე პასი გააკეთა და შედეგად გუნდის არსებობის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული - ნიდერლანდების თასი მოიგო.