მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვითხოვთ ეკონომიკური აქტივობების დაუყოვნებლივ აღდგენას“ - ხვალ ბათუმში აქცია გაიმართება

600a7e57c6b67
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 22:41
784
ხვალ, 15:00 საათზე ფიტნეს ცენტრ „რეფორმერ-ფიტნესის“ ინიციატივით, ბათუმში გორგილაძის 19-თან საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ვითხოვთ ეკონომიკური აქტივობების დაუყოვნებლივ აღდგენას, არსებული შეზღუდვების სრულად გაუქმებას და ნორმალური, ადამიანური ცხოვრების დაბრუნებას“, - აცხადებს „რეფორმერ-ფიტნესისა“ და სასტუმრო „ლიბერესოს“ დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე BM.GE-სთან საუბრისას.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ და მათი ბიზნესების ამოქმედებას მოითხოვენ.

გიორგი ფუტკარაძის თქმით, მისი მმართველობის ქვეშ მყოფი სასტუმრო „ლიბერესკო“ და ფიტნეს-ცენტრი „რეფორმერ-ფიტნესი“ შეზღუდვების ამოქმედებამდე 25 ადამიანს ასაქმებდა, დღეს კი მისი ორივე ობიექტი დახურულია, რაც დასაქმებულთა უმუშევრად დარჩენას გულისხმობს. ამიტომ ისინი შეზღუდვების მოხსნას და არამხოლოდ ფიტნეს-ცენტრების, არამედ სხვა ბიზნესების გახსნასაც ითხოვენ. 

„რეფორმერ-ფიტნესის გუნდს გვჯერა და გვწამს, რომ მხოლოდ თავისუფალ, პასუხისმგებლიან ადამიანებს შეუძლიათ უკეთესი სამყაროს შექმნა, პატივს ვცემთ საკუთარ თავს, გვაქვს თავმოყვარეობა და არ ვაპირებთ შევეგუოთ მონობას. კბილებით დავიცავთ ჩვენს პიროვნულ თავისუფლებას, საკუთრებას და უფლებას ვიზრუნოთ საკუთარ ოჯახებზე.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ იმ სიგიჟეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში (და არამხოლოდ) ხდება ვირუსთან ბრძოლის მოტივით, ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და გვიმეტებს უკიდურესი სიღარიბისთვის, და ჩვენს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად გავაპროტესტოთ არსებული ვითარება.

ეს არ იქნება ტრადიციული აქცია გაცვეთილი, ტრაფარეტული შეძახილებითა და პოლიტიკური დღის წესრიგით, ეს იქნება პასუხისმგებლიანი, მამაცი ადამიანების აქცია, ვისთვისაც მიუღებელია მონობა და თვლიან, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თვითონ არიან. გულწრფელი პროტესტი.

გიწვევთ ყველას, ვინც თვლით რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება.

პროტესტი იქნება მშვიდი და ღირსეული, პროვოკაციის, არეულობის და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა ან მოწოდება ჩვენ მიერ აღქმული იქნება, როგორც ღალატი და პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

ჩვენს პროტესტს ასევე შეგიძლიათ შემოუერთდეთ სხვა ქალაქებიდანაც, (ან ისინი ვისაც აქციაზე მოსვლა არ გსურთ) სხვადასხვცა ფორმით, მაგალითად: - გახსენით საკუთარი მაღაზიების, კაფე-ბარების, რესტორნების, ფიტნესკლუბების კარები, დადექით შესასვლელთან საკუთარ თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად, ჩართეთ ლაივები და ჩვენთან ერთად მოითხოვეთ მუშაობის უფლება. (მონიშნეთ ჩვენი გვერდი, დაგეხმარებით გავრცელებაში)“, - აცხადებენ „რეფორმერ-ფიტნესში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები