"ოცნების" მთავრობის პრემიერის განცხადებით, ქუჩაში ნებისმიერ ძალადობაზე უმკაცრესი პასუხი იქნება. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თბილისში ამ წუთებში მიმდინარე აქცია და ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.
"ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს. მკაცრი ზომები იქნება მიღებული დღეს, ქუჩაში და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც. სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც ათონელის ქუჩაზე ვიხილეთ და თოთოეული ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ ძალადობრივ აქტში მიეცემა პასუხისგებაში. მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისოს დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ რომ აქეთკენ წაიყვანეს პროცესები",- თქვა ირაკლი კობახიძემ.
აქციის მონაწილეების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესვლა მოახერხა. მოქალაქეებმა ათონელის სასახლის რკინის ჯებირები გაარღვიეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.




























