მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიხსნებით საცდელად“ - რა დატვირთვით განაახლებს მუშაობას სასტუმრო „გუდაური ლოფტი“

5fb7e13d2917a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 22:53
1094
პირდაპირ რომ გითხრათ, ვიხსნებით საცდელად, - ასე უპასუხა სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ მენეჯერმა მაია მურაჩაშვილმა BM.GE-ის კითხვას რა მოლოდინები აქვს ზამთრის კურორტებზე მოქმედ ბიზნესებს სეზონის ამოქმედების კუთხით.

სასტუმროს მენეჯერი განმარტავს, რომ წინა წელთან შედარებით „გუდაური ლოფტის“ დატვირთვა 99%-ითაა შემცირებული და დღეისთვის უცხოეთიდან სასტუმროში დეკემბრის მეორე ნახევრიდან 2-3 ჯავშანია შესული.

„ჯავშნებიდან რეზერვაციის თანხებსაც ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ არ ვიცით ეს ადამიანები საზღვარზე გადმოვლენ, თუ არა. ეს უცხოური ჯავშნებია. დეკემბრის ბოლოს ახალი წლის პერიოდზეა რამდენიმე ჯავშანი, აქედან ერთი რუსეთიდან, ორი - არაბების და იანვარში იწყება ჯავშნები ევროპიდან, კერძოდ პოლონეთიდან და ასევე რუსეთიდან. საქართველოდან ჯავშნები არ გვაქვს.

პირდაპირ რომ გითხრათ, ვიხსნებით საცდელად. შევხედავთ თუ სასტუმრომ შეძლო ოპერაციული ხარჯების დაფარვა, გავაგრძელებთ მუშაობას, თუ ვერ - წამგებიან ბიზნესს დიდხანს ვერ შევინახავთ“, - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

მიუხედავად ამისა, სასტუმრო „გუდაური ლოფტი“ ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ემზადება და 8-თვიანი პაუზის შემდეგ სასტუმრო დამსვენებლის მიღებას რეგულაციების შესრულებისა და კონტროლის გავლის შემდეგ 15 დეკემბრიდან გეგმავს.

სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების რაოდენობა 15-ით, 62-მდე გაიზარდა. ამასთან გაფართოვდა რესტორანი, სადაც ბრენდი „ავიტორი“ შევიდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ მენეჯმენტი წელს სასტუმროს ღირებულებას ადგილობრივ ბაზარს მოარგებს და ფასებს გაანახევრებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქართველები ბოლო მომენტში წყვეტენ სად უნდა დაისვენონ, გადავწყვიტეთ აქტიური მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ. „გუდაური ლოფტი“ მაღალბიუჯეტური სასტუმრო იყო და ეს საჭიროება აქამდე არ გვქონდა. წელს კი ფასები გასულ წელთან შედარებით 50%-ით შემცირდება. ჩვენთან ნომრის ღირებულება გასულ წელს 495 ლარიდან იწყებოდა, რაც საუზმესაც მოიცავდა. წელს ეს ფასი 200-დან 250 ლარამდეა. სასტუმროში გვაქვს სპა, ხოლო თხილამურების გაქირავება ფასში არ შედის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები