ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის განცხადებით, ევროპა საქართველოს მომავალია და ქართველები ერთიანები და გამჭვირვალეები უნდა იყვნენ როგორც ერთმანეთისკენ, ისე ქვეყნის მთავარი ინტერესებისკენ მიმავალ გზაზე.
Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რითიც ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმიანება, ბიზნესმენი ერთი თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით იწყებს საუბარს და იმ ერთიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც 26 მარტს საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ მოიტანა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა იმაზე უნდა იფიქრონ, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე - რა გვყოფს. ბიზნესმენი იმასაც აცხადებს, რომ ერთმორწმუნე რუსეთი, რომელიც ჩვენი მამულის, ენის და სარწმუნოების მტერია.
„ჩვენი ფეხბურთის ნაკრების გამარჯვებამ და ევროპაზე გასვლამ, როგორ შეგვკრა და შეგვაკავშირა ყველა თაობის ადამიანი - ყველა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, ერთად ვზეიმობდით ამ დიდ გამარჯვებას.
საღად მოაზროვნე, არცერთი ადამიანი არ იფიქრებდა, ეს იმ პარტიას წარმოადგენს, ეს ამ სარწმუნოებას, ეს ამ უმცირესობას და ამიტომ, ან ნაკლებად ან მეტად უნდა უხაროდეს და ეზეიმებოდესო.
არადა, რომ დავფიქრდეთ, ხომ იმიტომ იყო ეს სიხარული საერთო, რომ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებასთან იყო ასოცირებული? ამაზე მაგარი განცდა არ არსებობს, როცა უცნობებს და ნაცნობებს ერთი დიდი ოჯახივით გვიხარია რაღაც. ეს მთავარი რაღაც კი, სწორედ ქვეყნის სიყვარულია. ამ ემოციას მართლა ვერაფერი ანაცვლებს, თორემ აგერ ერთი თვის წინანდელი განცდები გავიხსენოთ ყველამ.
იმ მატჩმა ისიც ხომ აჩვენა, სიყვარულით როცა ვერთიანდებით რამხელა ძალა ვართ და რა ძალის კავშირი. ხოდა რა მოხდა, ქვეყნის სიყვარულის და მისი ინტერესების ირგვლივ რომ ვიყოთ მუდამ ერთიანები, დაუყოფელები, ერთი მიზნით შეკრულები, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და მამულიც ენაც, სარწმუნოებაც, დროშაც, ჰიმნიც, გერბიც სწორედ ჩვენი ერთობის ქვაკუთხედია.
რა ვიცი, ხანდახან, გადამწყვეტ მომენტებში, ხომ შეიძლება, იმაზე უფრო ვიფიქროთ, რაც გვაერთიანებს და არა - რაც გვყოფს? საქართველო მუდამ ტოლერანტული ქვეყანა იყო, ღმერთი კი, ჩემი აღქმით, მართლა ყველაზე თანამედროვეა, რადგან მარადიულ ფასეულობებს ემყარება მისი მოძღვრება, სიყვარულს, სიკეთეს, მიმტევებლობას - ამიტომაა მუდმივი პროგრესის საწყისიც. არასოდეს რომ გადავა მოდიდან და არასდროს გახუნდება, ვიდრე დედამიწა იარსებებს.
ხოდა, ქართველი არასდროს ყოფილა არც რეტროგრადი, არც ფანატიკოსი. ამას ვერავინ დაგვაბრალებს ვერასდროს.
მამული, ენა, სარწმუნოება და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების მიხედვით მოქმედება და წინსვლა გვჭირდება დღესაც და ხვალაც. ვიყოთ ერთიანები, გამჭვირვალეები როგორც ერთმანეთისკენ ისე ქვეყნის მთავარი ინტერესებისკენ მიმავალ გზაზე. არ შევაფერხოთ პროგრესი და არც ქვეყნის მომავალი.
ევროპა ჩვენი მომავალია და ჩვენ ვართ ევროპა, ფასეულობებით, წარსულით და მომავალი ჩვენი ფერადი შვილების თაობით.
აგერ გვყავს მეზობელი ერთმორწმუნე, მაგრამ დაუძინებელი მტერი, ჩვენი ერთობისაც, მამულისაც, რწმენისაც და ენისაც.
ამიტომაც, ერთობით, ღირსებით, ქვეყნის ინტერესების დაცვით უნდა გავიტანოთ გოლები და არ ვიყოთ ნულები არსად არავისთან არასდროს.
ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას გაუმარჯოს და მის უმაგრეს ხალხს“, - წერს ბიზნესმენი.
დიმიტრი აბდუშელიშვილის კომპანიები ქვეყანაში ლოგისტიკური მიმართულებით ოპერირებენ. ის Wondernet Express Investment Group-ის დამფუძნებელია, რომელიც ბათუმის "სასუქების მულტიმოდალურ ტერმინალს“ მართავს.
Wondernet Express Investment Group-ი ADIA-ს, Covalent-ისა და აშშ-ში ცნობილი გადამზიდავი კომპანია – Trammo, inc-ს მიერ, სადაც 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული დაარსდა. აღნიშნული ტერმინალის ასაშენებლად 25 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. ტერმინალმა ოპერირება 2021 წლის აპრილში დაიწყო.
"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.
რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.
26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.