მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ვიზალიბერალიზაცია ძალიან დიდი კოზირია, რომელიც ქართველ მეზღვაურებს ხელში გვიჭირავს” - ლაშა ქარცივაძე

ლაშა ქარცივაძე

“ეს არის კოზირი ჩვენს ხელში“ - ეს პასუხი აქვთ მეზღვაურებს მათთვის, ვისთვისაც ევროპაში ვიზით თუ უვიზოდ მიმოსვლა ეგზისტენციალური საკითხი არ არის.

ქართველ მეზღვაურებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელზედაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დრამატულად აისახება, სწორედ საზღვაო სფეროა. ამ სფეროში კი 20 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებზეც მოთხოვნა ევროპული კომპანიების მხრიდან სწორედ საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა, ახლა კი ჩნდება რისკი, ქართველი მეზღვაურები სხვა ქვეყნის მეზღვაურებმა ჩაანაცვლონ.

მეზღვაური ლაშა ქარცივაძე BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს ნაკლებ პროცედურებს, რაც მნიშვნელოვანია გემთმფლობელებისთვის, ამიტომ თუ ამ შესაძლებლობას ქვეყანა დაკარგავს, ეს გავლენას რა თქმა უნდა, მოახდენს ქართველი მეზღვაურების დასაქმების პერსპექტივაზე.

“ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი კოზირი, რომელიც ქართველ მეზღვაურებს ხელში გვიჭირავს დღესაც. ძალიან დიდ კომფორტს ვთავაზობთ გემთმფლობელებს და დამსაქმებელ კომპანიებს იმ მხრივ, რომ არ გვჭირდება ზედმეტი ფორმალობები, არ გვჭირდება ზედმეტი პროცედურების გავლა, რაც მეზღვაურებს ისედაც არ გვაკლია. ფინანსური მხრიდანაც, ვიზის მოსაკრებელს არ ვიხდიდით, პლუს ამას ყველას გვეძლეოდა შანსი დავსაქმებულიყავით ევროპულ კომპანიებში.

თუ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, ეს იქნება ძალიან ცუდი იმ მხრივ, რომ ჯერ ერთი ყველა ვიზას ვერ მიიღებს და მეორე, როცა გემთმგფლობელი დგას არჩევანის წინაშე, რომ მის გემზე ვინ აიყვანოს, ურჩევნია რა თქმა უნდა წაიყვანოს ის, ვისთანაც ერთით ნაკლები პროცედურის გავლა მოუწევს.

ეს პლუსები გვაქვს დღეს და ეს თუ დავკარგეთ იქნება ძალიან ცუდი, განსაკუთრებით დამწყები მეზღვაურებისთვის”,- აცხადებს ლაშა ქარცივაძე.

გასული წლის მდგომარეობით, ქვეყანაში 20 ათასამდე მეზღვაურია რეგისტრირებული, რომელთა 90% უცხოელ გემთმფლობელებთან მუშაობს. კონსერვატიული გათვლებით, ქართველ მეზღვაურებს, როგორც სერვისის ექსპორტიორებს ქვეყანაში წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შემოაქვთ.

“ქართველ მეზღვაურებს თუ შენგენის ვიზა დასჭირდა, ისევ ფილიპინელები და ინდოელები ჩაგვანაცვლებენ”- ამის შესახებ საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანების განცხადებაშია ნათქვამი, სადაც მეზღვაურები საზღვაო სააგენტოსგან “ქართული ოცნების” მთავრობისთვის იმის ახსნას მოითხოვენ, თუ რას ნიშნავს ქართველი მეზღვაურებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა და ხელისუფლების პოლიტიკა რა საფრთხის წინაშე აყენებს ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობას.

“იქნებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აუხსნას მთავრობის მეთაურს, რომ რაც უვიზო მიმოსვლა დავიწყეთ ევროპაში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე, დასაქმდა უფრო მეტი მეზღვაური და უფრო ხელსაყრელი პირობებით ! ქართველ მეზღვაურებს თუ შენგენი დასჭირდა , ისევ ფილიპინელები და ინდოელები ჩაგვანაცვლებენ.

გაქრება ის პრიორიტეტი, რაც გვქონდა სხვა ქვეყნის მეზღვაურებთან შედარებით. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს საზღვაო კომპანიები ყველა შაურს ითვლიან, რაც მეზღვაურის გემზე აყვანას და დასაქმებას უკავშირდება.

კომპანიები კონკურენციის დროს იმ მეზღვაურს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც უფრო ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ამიტომ ქართველ მეზღვაურებს უარს ეტყვიან ხშირად , ან აიძულებენ დაბალ ხელფასზე დასთანხმდენ მუშაობას როგორც ფილიპინელები და ინდოელები თანხმდებიან..."-ნათვქამია მეზღვაურთა გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები