მიხეილ ხიდურელი პროგრამის “გადაიღე საქართველოში” მიმართ უცხოეთიდან დაინტერესების კუთხით, პოზიტიურ სიგნალებს ხედავს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა bm.ge-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, პროექტების მოსაზიდად სააგენტო წელს ლას-ვეგასის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას და ამერიკელი კინოპროდიუსერების დაინტერესებას შეეცდება.
“წელს დავესწრებით ამერიკული ფილმის გამოფენას, ეს ინდუსტრია შოკიდან გამოვიდა და ჩვენი მიმართულებით უკვე რამდენიმე პროექტის ინტერესი წამოვიდა. ომის შემდეგ, ჩვენს რეგიონს რისკიანად უყურებენ. თუმცა ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს, ამიტომ წელს ჩავალთ ლას-ვეგასში გამოფენაზე, შევხვდებით პროდიუსერებს და კიდევ ერთხელ გავახსენებთ, თუ რამდენად წარმატებულად შევძელით ქვეყანამ მსხვილი ბლოკბასტერის გადაღება”, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა და დასძინა, რომ პროგრამას “გადაიღე საქართველოში” წარმატებულად მიიჩნევს, ვინაიდან პროგრამა ₾5-მილიონიან ბიუჯეტს ყოველწლიურად სრულად ითვისებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ 2024 წელს 4 პროექტია დარეგისტრირებული. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, ფილმების გადაღებისას სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის სურვილი საქართველოდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ესტონეთიდან გამოთქვეს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს ამავე პროგრამით საქართველოში 9 ფილმის გადაღება დასრულდა. სულ კი შეთანხმება 11 პროექტზე გაფორმდა. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ცნობით, პროგრამის შედეგად 2023 წელს განხორციელებული პროექტების ინვესტიციამ 20.6 მილიონი ლარი შეადგინა.
სააგენტო სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს საქართველოში ფილმების თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქციის გადაღების შესაძლებლობას აძლევს, რა დროსაც კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან უბრუნდებათ.