მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვხსნით ტერმინალს, სადაც შეგვიძლია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთს მოვემსახუროთ - Inex Group

ინექს

Inex Group-მა საკუთარი ტერმინალის მშენებლობა დაასრულა. როგორც გადამზიდავი კომპანიის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ BM.GE-სთან განაცხადა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლილოს დასახლებისკენ საწყობი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაიხსნება.

Inex Group-ის დირექტორი მზარდი ამანათების ფონზე მთავარ გამოწვევად სწორედ არასაკმარის ინფრასტრუქტურას ასახელებს.

"ამანათების ტენდენცია მზარდია, როგორც წინა წლებში. ერთეული საბაჟო ტერმინალები არსებობს საქართველოში, რომელსაც შეუძლია ამანათების მიღება და შემდეგ საბაჟო პროცედურების გატარება. ეს სიტუაცია ყველა კომპანიას უშლის ხელს, ვინაიდან დროში საკმაოდ იწელება პროცედურულად ჩამოსული ტვირთის დამუშავება. თითქმის ორი წელია ვაშენებთ ტერმინალს, ვადები ცოტა გაიწელა, მაგრამ უკვე ფაქტობრივად ყველაფერი დასრულებულია. სამ ტერმინალში შემოდის ახლა ჩვენი ტვირთი, აქედან ორი საჰაერო და ერთი სახმელეთო ტერმინალია და კონსოლიდირება მოხდება ერთ ტერმინალში. დღე-დღეზე უკვე ვხსნით ჩვენს საკუთარ საბაჟო საწყობს, ტერმინალს, სადაც შეგვიძლია, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთებს მოვემსახუროთ, როგორც საკუთარს, ასევე სხვა კომპანიებისას. ეს გარკვეულწილად შეამსუბუქებს ამ სიტუაციას",- ამბობს გიორგი კაპანაძე და აღნიშნავს, რომ კომპანიამ ახალ ინფრასტრუქტურაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.

გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, კომპანიას უკვე დაემატა ახალი მიმართულება და პლატფორმები. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ Inex Group-ი მომდევნო წელს დასაქმებულების რაოდენობას 10-20%-ით გაზრდის.

"გვაქვს გარკვეული სიახლეებიც, მაგალითად, წლის დასაწყისში ესპანეთის მიმართულება დავამატეთ და ვგეგმავთ წლის ბოლომდე კიდევ ერთი ახალი მიმართულების დამატებას. ახალ პლატფორმებთან დავიწყეთ თანამშრომლობა, ერთ-ერთი არის მაგალითად თურქული ონლაინ პლატფორმა Trendyol-ი და კიდევ ველოდებით წლის ბოლოსკენ მატებას. Trendyol-თან გვაქვს უკვე კონტრაქტი და ახალ ფაზაში გადავდივართ ტექნიკური კუთხით, ანუ მომხმარებლისთვის უფრო მარტივი იქნება და აღარ მოუწევს დეკლარირების გაკეთება, ავტომატურად მოხდება, ისევე როგორც Taobao-ს შემთხვევაშია.

გამომდინარე მზარდი ტვირთბრუნვიდან, ჩვენ მუდმივად ვზრდით კადრების რაოდენობას. დღესდღეობით 450 ადამიანი მუშაობს კომპანიაში საქართველოს მასშტაბით და ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში, კადრების რაოდენობა, ალბათ 10-დან 20%-მდე გაიზრდება",- ამბობს გიორგი კაპანაძე.

რაც შეეხება ტარიფებს, Inex Group-ი უახლოეს მომავალში ზრდას არ გეგმავს. გიორგი კაპანაძის თქმით, ტარიფები სტაბილურია და მატება მოსალოდნელი არაა, თუმცა ასევე ნაკლებად სავარაუდოა რომ შემცირდეს.

"თითქმის მეორე-მესამე წელია, ტარიფი სტაბილურია, ვინაიდან ძირითადი ხარჯები, რაც გადამზიდ კომპანიებს გვაქვს, ავიაკომპანიის ტარიფებზეა საუბარი, დასტაბილურებულია და შესაბამისად, ჩვენც მოგვცა საშუალება, რომ ტარიფი დავიჭიროთ. არც უახლოეს მომავალში არ იგეგმება ზრდა, თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა მსოფლიოში და ვთქვათ, იგივე საწვავის ფასზე არ მოხდა გლობალური ცვლილება ან მსგავსი რამ. თუმცა კლებაზეც ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რაიმე გაიაფდეს, ანუ ავიაკომპანიებმა ტარიფი შეამცირონ",- აცხადებს გიორგი კაპანაძე.

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საჰაერო გზით მიღებული ამანათების მოცულობა 66%-ით გაიზარდა. 6 თვეში სულ 15.6 ათასი ტონა ამანათები და გზავნილები შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები