რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ირანს მხარს უჭერს.
ქვეყნის ლიდერმა ირანელი ხალხის სიმამაცე და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა დადებითად შეაფასა და თქვა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს თეირანის ინტერესების გასატარებლად და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. თავის მხრივ, არაღჩიმ რუსეთის ლიდერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდში ირანს საიმედო მოკავშირეები ჰყავს.
მოლაპარაკებების დროს ასევე გაირკვა, რომ გასულ კვირას პუტინმა ირანის ახალი უზენაესი ლიდერისგან, მოჯთაბა ხამენეისგან სამადლობელი გზავნილი მიიღო. შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი თეირანთან გასულ წელს გაფორმებული 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას გეგმავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პუტინის კომენტარების პარალელურად, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მეტიც, მოსკოვმა დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობაც შესთავაზა. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი მზად არის, ირანის გამდიდრებული ურანი საკუთარ ტერიტორიაზე შეინახოს, თუმცა ამ დრომდე ვაშინგტონი ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.




























