რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ერევნის შესაბამის სურვილისა და გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოსკოვი გიუმრის სამხედრო ბაზას ნებისმიერ დროს, „თუნდაც ხვალ“ დატოვებს.
კრემლის ლიდერმა ეს განცხადება ბიშკეკში, საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, მოსკოვი საკუთარ ინტერესებს სხვებს არ მოახვევს. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო კონტინგენტი ქვეყანაში მხოლოდ სომეხი ხალხის სურვილის შემთხვევაში დარჩება.
სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით განცხადების პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორმხრივი ურთიერთობების მშვიდ ვითარებაში განსახილველად მოსკოვში მიიწვია. ცნობისთვის, ლიდერები ბიშკეკის სამიტის კულუარებში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და დიალოგის მშვიდ რეჟიმში გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.
როგორც სომხური მედია წერს, მომავალ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები, რომლებიც დღის წესრიგში არსებულ ყველა დეტალს საფუძვლიანად შეისწავლიან. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, განსახილველ თემებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც მოხვდება. აღსანიშნავია, რომ თავად ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში გამგზავრების სურვილი უკვე დაადასტურა.
ცნობისთვის, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში მდებარეობს. ეს ობიექტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოსკოვის მთავარ სამხედრო დასაყრდენად მიიჩნევა.




























