ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ანაკლიის ხიდის დაზიანებული ნაწილების აღდგენის საკითხზე მუშაობენ.
საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც BMG-მ ანაკლია-განმუხურის სარეაბილიტაციო ხიდის ფოტოები გაავრცელა, ჩვენ დავუკავშირდით როგორც ცენტრალურ მთავრობას [ინფრასტრუქტურის სამინისტროს], ისე - ადგილობრივს და დავინტერესდით, როდის იგეგმება დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტზე გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომლის შემდეგი ეტაპია პროექტის კონცეფციაზე კონკურსი, რაც ხიდის რეაბილიტაციასაც მოიცავს. იქამდე კი, საფეხმავლო ხიდის დროებითი რეაბილიტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმეა.
ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ ახლა სწორედ დროებითი რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა მიმდინარეობს.
„მუნიციპალური განვითარების ფონდი თავიდან ატარებს ბაზრის კვლევას, რის შემდეგაც ხელახლა გამოცხადდება პროექტირება. სანამ ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს ხიდის დაზიანებული ნაწილების აღდგენის საკითხზე. ამჟამად მიმდინარეობს ხარჯთაღიცხვის მომზადება. ადგილზე ახალი მერი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და მიმდინარეობს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადება“, - მოგვწერეს ზუგდიდის მერიიდან.
შეგახსენებთ: ანაკლიის ხიდი 2011 წელს აშენდა. საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლებს აკავშირებს. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 504 მეტრია, სიგანე კი 6.81 მ. ის ევროპაში ყველაზე გრძელი ხის ხიდია.




























