მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვმუშაობთ აშშ-ს მხარესთან, თუ რა უნდა იყოს აშშ-საქართველოს განახლებული ურთიერთობების შინაარსი - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამერიკულ მხარესთან იმაზე მუშაობენ თუ რა უნდა იყოს აშშ-საქართველოს განახლებული ურთიერთობების შინაარსი. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული და ჩვენ ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. სწორედ ამას ემსახურებოდა ის ვიზიტები, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსობრივ ნაწილზე.

„ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ს მხარესთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად ვისაუბროთ სწორედ ამ შინაარსობრივ ნაწილზე,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის გამოხატავდა მზაობას აშშ-სთან შინაარსიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარების მიმართ.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გამოგვიცხადებია მზაობა, რომ საქართველო არის მზად და ყოველთვის იყო მზად, აშშ-სთან ჰქონდეს შინაარსიანი ურთიერთობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობები უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და, რა თქმა უნდა, აშშ-ის ინტერესებს. ურთიერთობები პირველ რიგში ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმ განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი ურთიერთობებიც სწორედ ურთიერთპატივისცემაზე იყოს დაფუძნებული, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები