ხელისუფლება აქტიურად მუშაობს EU-ის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს, პარტნიორების ხმები გარანტირებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
"რეკომენდაციის შესაბამისად, უკვე 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად გაფორმდეს.
ევროპული საბჭო შედგება თითოეული წევრი ქვეყნის ლიდერისგან, რომელიც ამ ფორმატში თავისი ქვეყნის სახელით საუბრობს და ჩვენთვის, თითოეული ქვეყნის ხმა მნიშვნელოვანია - თითოეული ქვეყნიდან არის ერთი კონკრეტული ხმა.
მას შემდეგ, რაც კომისიამ დადებითი დასკვნა მიიღო, ერთი მხრივ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ დინამიურ ურთიერთობებს ორმხრივ ფორმატში - საქართველო-ევროკავშირი და ასევე აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა პარტნიორების ხმა გარანტირებულად გვქონდეს.
დარწმუნებული ვართ, ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ, გეოპოლიტიკურად გამართლებულ და ასევე დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას მწვანე შუქს მისცემს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.