მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვმუშაობთ რეგიონებში გასვლაზე“ – „აი ია“

6449027705400
ნანუკა ნარიმანიძე
29.04.23 22:00
594
სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი ფონდი „აი ია“ აქტიურად მუშაობს საქართველოს რეგიონებში გასვლაზე - ამის შესახებ ფონდის პროექტების განვითარების მენეჯერმა სალომე ბარბაქაძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან პეტრიაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრეს.

„მოთხოვნა რეგიონებიდან ძალიან მაღალია,აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, რათა ჩვენი არსებული სერვისები განვითარდეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონული მასშტაბით. რამდენიმე რეგიონთან უკვე ვთანამშრომლობთ, პერიოდულად ვატარებთ ვიზიტებს, ვორკშოპებსა და უფასო კონსულტაციებს, გვინდა, რომ საქართველოში არავინ არ დავტოვოთ სერვისს მიღმა“, - აღნიშნა ქეთევან პეტრიაშვილმა.

გარდა ამისა, კომპანია თბილისშიც ატარებს უფასო კონსულტაციებს და სრულიად აფინანსებს თერაპიულ მომსახურებას.

„ამ ეტაპისთვის, კომპანიის მხრიდან 30 ბავშვს სრულიად უფინანსდება თერაპიული მომსახურება, რომელიც მოიცავს აუდიო-ვერბალურ, მეტყველებისა და არტ თერაპევტს, სპეც პედაგოგსა და ფსიქოლოგს, აღსანიშნია ისიც, რომ ჩვენი ფონდის სპეციალისტები კვირაში ერთხელ ატარებენ უფასო კონსულტაციას, რომელიც, ძირითადად, რეგიონებიდან და რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს ეხმარება“, - განმარტა მან.

ამასთან, ფონდი მალე თბილისში ახალ სივრცეს გახსნის.

„ძალიან მალე ახალ სივრცეს გავხსნით ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ბავშვზე მორგებულ თანამედროვე სივრცესა და გარემოს შევქმნით, რომელიც ერთდროულად საინტერესო და სახალისო იქნება მათთვის“ - აღნიშნა სალომე ბარბაქაძემ.

საქართველოში 2003 წლიდან სახელმწიფოს დაფინანსებით დაიწყო კოხლეარული იმპლანტის ოპერაციები და საჭირო იყო ოპერაციის შემდგომ თერაპიის გავლა ბავშვებისთვის, სწორედ ამიტომ, 2016 წელს „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსდა ფონდი „აი ია“ და ის მეშვიდე წელია სმენის დაზიანების მქონე ბავშვებს ემსახურება. „აი ია“ საქართველოში პირველი ფონდია, სადაც ბავშვებს ამ მიმართულებით კომპლექსური სარეაბილიტაციო მომსახურება უტარდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები