„ემპი დეველოპმენტმა“ Galt & Taggart და TBC Capital-ის მხარდაჭერით, 17.7 მილიონ დოლარამდე ორწლიანი, არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. 2012 წელს დაფძნებული "ემპი დეველოპმენტი" "ვისოლ ჯგუფის" წევრი კომპანიაა, რომელიც სავაჭრო ცენტრებს თბილისსა და რეგიონებში ფლობს.
"ეს 2025 წელს პირველი გამოშვება იყო და მგონია, რომ ბაზარი ახალ ემისიას მოწყურებული იყო, ძალიან წარმატებული განთავსება გამოგვივიდა. 17.7 მლნ დოლარის აწევა შევძელით და რაც მთავარია, წინა ემისიის გაუჯობესება მოვახერხეთ. წინა განთავსებისას კომპანიას დოლარში ემისია 8.75%-ში გვქონდა, წელს იგივე ვადიანობის ობლიგაციები 8.5%-ში გამოვუშვით", - აცხადებს "საქმიან დილაში" "თიბისი კაპიტალის" საინვესტიციო საბანკო საქმიანობის ვიცე-პრეზიდენტი თინა სიმონიშვილი.
მარტის მდგომარეობით, საჯარო ობლიგაციების ბაზარზე 128 მლნ ლარის მოცულობის ევროში დენომინირებული ობლიგაციაა გამოშვებული. 1.2 მილიარდი ლარი დოლარში ნომინირებული, ხოლო 650 მლნ ლარში ნომინირებული ობლიგაციებია.
"პირველი ემისია გარკვეულწილად ბაზრის ტესტია ხოლმე. მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ობლიგაციების ოდენობას, საპროცენტო განაკვეთი გავაუმჯობესეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ემიტენტების ფასიან ქაღალდებზე ბაზარზე ძლიერი მოთხოვნაა", - აცხადებს Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი ვანო კიკვილაშვილი და ამატებს, რომ 2025 წელს საინვესტიციო ბანკი ლარის ობლიგაციების ბაზარზე დიდ აქტივობას ელის. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეკორდულად დიდ 350 მლნ ლარის ტრანზაქციაზე მუშაობენ.
"ემპი დეველოპმენტის" დირექტორი პაპუნა კაციტაძე ამბობს, რომ ობლიგაციებიდან მიღებული თანხით ახალი კომერციული ობიექტების მშენებლობას გეგმავენ.
"ამ თანხით თბილისში უკვე ოთხი უძრავი ქონება შევიძინეთ, იჯარითაც გავეცით და შემოსავლების მიღებაც მოვასწარით. ამით რეალურად ჩვენი პორტფელიც გავზარდეთ - აქამდე საქართველოს მასშტაბით 13 ობიექტი გვქონდა, ახლა უკვე 17 ობიექტი გვაქვს. რა თქმა უნდა, ამით კომპანიის შემოსავლებიც გავზარდეთ", - ამბობს კაციტაძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანია თელავში სავაჭრო ცენტრს აშენებს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
"კიდევ ვაპირებთ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, რაც სავარაუდოდ, მომავალ წელს იქნება. ეს კარგი ინდიკატორია იმისთვის გავიგოთ რა ინტერესია ინვესტორების მხრიდან და ამის მიხედვით განვსაზღვროთ სწორი მიმართულებით ვითარდება არა კომპანია. ვხედავთ, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით და ამ მხრივ ინვესტიციის ჩადებას ახალ უძრავ ქონებებში ვაპირებთ, ასევე მზის ენერგიაში ინვესტირებასაც ვგეგმავთ", - აცხადებს "ემპი დეველოპმენტის" დირექტორი.




























