მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვმუშაობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა შევინარჩუნოთ - დავითაშვილი

სარკინიგზო ტვირთები

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დასაწყობების სფეროები. "ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება. მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვები უმთავრესი პრიორიტეტია,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, რომლითაც გაიზრდება რკინიგზის სიჩქარე, უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. მოდერნიზაციის შედეგად, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს ყველაფერი საშუალება იძლევა, რომ საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის კიდევ უფრო გაზრდისა და კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ რკინიგზისთვის, არამედ ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული რგოლებისთვის.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს და ვსაუბრობთ მომავალ პერსპექტივაზე, როგორ შეიძლება დამატებით და გრძელვადიანად დავამაგროთ ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთები, ანუ საქართველომ, ერთი მხრივ, გაზარდოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროებს უკავშირდება, ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ავამაღლოთ,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დაგეგმილია 600 ბლოკ მატარებელი შუა დერეფნის გავლით. „ჩინეთიდან წამოვა ახალი ტვირთები, რაზედაც უკვე შეთანხმება არსებობს. ესეც დამატებით მნიშვნელოვანი სტიმული იქნება შუა დერეფნის ტვირთბრუნვის ზრდის კუთხით,“ - აღნიშნა ლევამ დავითაშვილმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შენარჩუნდეს ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები