მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვნახოთ, რა საშუალებებს გამონახავს სექტორი, რომ ფასებმა დაიწიოს" - ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარე

ლევან გოგიბერიძე

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან გოგიბერიძის თქმით, ფარმაცევტულმა სექტორმა უკვე განაცხადა თანხმობა მედიკამენტების გაიაფებაზე, როდესაც ქვეყანაში რეფერენტული ფასის რეგულაცია ამოქმედდა - ამის შესახებ ლევან გოგიბერიძემ სექტორის "ფასების კომისიასთან" შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. შეხვედრა, სავარაუდოდ, სწორედ მედიკამენტების გაიაფებას შეეხება.

გოგიბერიძის თქმით, მედიკამენტების დიდ ნაწილზე ფასს ისედაც უკვე სახელმწიფო ადგენს და, თუ მთავრობას დამატებითი შეთავაზება ექნება, სექტორი მზად იქნება, ამ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა.

"საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, ისედაც მოქმედებს რეფერენტული ფასები, ანუ მედიკამენტებზე ფასებს ადგენს სახელმწიფო. მედიკამენტების დაახლოებით ორ მესამედზე უკვე არსებობს რეფერენტული ფასები. როგორც მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმ დანარჩენ რაოდენობაზეც და მაგაზეც შემოღებული იქნება რეფერენტული ფასები. აქედან გამომდინარე, ფასებზე კონტროლი არ არის ფარმაცევტული სექტორის მხარე, ამას გვიდგენს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, არ ვიცი რა შემოთავაზებები იქნება, რა საშუალებას ნახავს სახელმწიფო, რომ კიდევ იყოს ცვლილებები.

რა თქმა უნდა, სექტორმა, როგორც განაცხადა თანხმობა და დაიწყო იმ რეჟიმში მუშაობა, რასაც რეფერენტული ფასები ჰქვია, ისე გავაგრძელებთ. აქ არის მეორე საკითხი, თუ საუბარია ისეთ პარასამკურნალო საშუალებებზე, რომლებსაც ეს რეგულაცია არ ეხება – ეს არის მოვლის საშუალებები, ბავშვთა მოვლა, კვება და ასე შემდეგ... იქ არ ვიცი რა რესურსია. ვნახოთ, რა საშუალებებს გამონახავს სექტორი, რომ ფასებმა დაიწიოს", - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან "ფასების სამთავრობო კომისიის" შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო. კომისიას "ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს და ამ დრომდე შეხვედრა უკვე გაიმართა სუპერმარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია შეხვედრა საწვავის კომპანიებთანაც.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბოლოს ირაკლი კობახიძემ საქართველოში პროდუქტების ფასებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები