მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen-ი მომავალ წლებში 100,000-მდე თანამშრომელს დაითხოვს

Volkswagen1

ევროპული ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმემ კომპანიაში 100,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირების გეგმა წარადგინა. როგორც ირკვევა, უახლოეს წლებში ხელმძღვანელობა გლობალური მასშტაბით დასაქმებულთა რაოდენობის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს.

საყურადღებოა, რომ ფინანსური ხარჯების შემცირებას კომპანია მხოლოდ თანამშრომლების შემცირებით არ გეგმავს. გერმანული ბიზნესგამოცემა Manager Magazin-ის ცნობით, Volkswagen-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ინვესტიციებს 15%-ით შეამცირებს. ამ ცვლილების შედეგად, საინვესტიციო კაპიტალი €130 მილიარდი ($148 მლრდ.) გახდება.

აღსანიშნავია, რომ კორპორაციის ხელმძღვანელობა კომპანიის სრულ რესტრუქტურიზაციასაც გეგმავს. ამ პროცესს უშუალოდ ოლივერ ბლუმე და მთავარი ფინანსური დირექტორი, არნო ანტლიცი უხელმძღვანელებენ. არსებული ინფორმაციით, ცვლილებები Volkswagen-ის ძირითად ბრენდს და ნაწილების მწარმოებელ ქარხნებს შეეხება. დასახელებული ობიექტები არსებულ სტრუქტურას გამოეყოფა და ყოველი მათგანი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება.

პარალელურად, გერმანული ავტომწარმოებელი საშუალოვადიან პერსპექტივაში რამდენიმე საწარმოს ლიკვიდაციასაც გეგმავს. როგორც ცნობილია, კომპანია გერმანიაში მდებარე ჰანოვერის, ცვიკაუსა და ემდენის ქარხნების, ასევე ნეკარსულმში არსებული Audi-ს საწარმოს მუშაობის შეჩერებას აპირებს. როგორც ირკვევა, დასახელებულ ქარხნებში წარმოება მიმდინარე მოდელების გამოშვების დასრულებისთანავე შეწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები