უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით სირიაში ჩავიდა.
დამასკოში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ და სირიის პრეზიდენტმა აჰმად ალ-შარაამ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა სირიის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში პარტნიორობა და ენერგეტიკული პროექტები იყო. უკრაინამ სირიას ირანული წარმოების Shahed-ის ტიპის დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოცდილება გაუზიარა. ამასთანავე, დამასკოში შედგა სამმხრივი შეხვედრა უკრაინის, სირიისა და თურქეთის მონაწილეობით, სადაც მხარეებმა ინფრასტრუქტურული პროექტები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ზელენსკის განცხადებით, კიევი აქტიურად მუშაობს ახალი ურთიერთობების მშენებლობაზე, რაც მიზნად რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს.
ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ უკრაინა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის კატართან, საუდის არაბეთსა და საამიროებთან, 10-წლიან თავდაცვით პარტნიორობას აფორმებს. უკრაინის პრეზიდენტმა რეგიონისთვის კიევის დახმარება პირდაპირ დაუკავშირა სანაცვლოდ ანტიბალისტიკური რაკეტების მიღების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, ამ მხრივ უკრაინას რუსეთთან ომში სერიოზული დეფიციტი აქვს. სირიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მხარს უჭერს სირიის განვითარებას პოსტ-ასადისეულ პერიოდში და მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის აღდგენის პროცესში, თუმცა ამ მხრივ კონკრეტული ფინანსური პროექტები მას არ დაუანონსებია.




























