მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo-მ გადაიფიქრა - 2030 წლიდან, კომპანია ჰიბრიდულ ავტომობილებს მაინც გამოუშვებს

Volvo EX30

შვედურმა Volvo-მ, რომელსაც 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების გაყიდვა ჰქონდა განზრახული, გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც Volvo-ში ამბობენ, ათიდან ცხრა ავტომობილი, რომელსაც კომპანია 2030 წლისთვის გამოუშვებს ელექტრომობილი ან ფლაგ-ინ ჰიბრიდი იქნება, ხოლო ლიმიტირებული რაოდენობით, კომპანია მაილდ-ჰიბრიდულ ავტომობილებსაც გამოუშვებს. როგორც შვედები ამბობენ, განვითარების სტრატეგიის გადახედვა ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობით არის მოტივირებული, რომელსაც არ აქვს გავლენა სამოდელო რიგის სრული ელექტრიფიკაციის მიზანზე, რადგან მას Volvo დღემდე ინარჩუნებს.

უახლესი მონაცემებით, შვედური ავტოკონცერნის სამოდელო რიგში ელექტრომობილების წილი 26% იყო, ანუ პრემიულ ავტომობილებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტ ელექტრომობილს სწორედ Volvo აწარმოებს. ელექტრომობილებისა და ფლაგ-ინ ჰიბრიდების ჯამურმა წილმა 48% შეადგინა, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია. ამ დრომდე, Volvo-ს სამოდელო რიგში ხუთ სრულად ელექტრო მოდელს ვხვდებით, ესენია: EX30, EX40, EX90, EC40 და EM90. Volvo EX30, რომელიც მცირე ზომის საქალაქო SUV-ია, ევროპაში რიგით მესამე ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია.

შეგახსენებთ, რომ ელექტრიფიკაციის ბუმი, რომელიც ავტოინდუსტრიაში 2021 წელს დაიწყო, ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. თუ სამი წლის წინ, სამოდელო რიგის ელექტრიფიკაციის ამბიციური გეგმა ფაქტობრივად ყველა დიდმა თუ პატარა ავტოკონცერნმა წარმოადგინა, დღეს, ამ გეგმების უდიდესი ნაწილი უკვე ისტორიას მიეკუთვნება. ბოლო პერიოდში, ელექტრომობილების წარმოების შემცირებაზე Mercedes-Benz-მა და Volkswagen-მაც განაცხადეს, ხოლო ელექტრომობილების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია, საერთოდაც, გაკოტრდა.

ავტომწარმოებელი კომპანიების მიერ დაწყებული სტრატეგიული გადახედვა მოულოდნელი არ არის, რადგან ელექტრომობილები, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, იმ რაოდენობით არ იყიდება, რომ კომპანიას მათი წარმოება უღირდეთ. ამასთან, ელექტრომობილის ფლობა საკმაოდ რთულია, რაც დასამუხტი ინფრასტრუქტურის გაუმართაობასთან და ავტომობილის დასამუხტად საჭირო დიდ დროსთან არის დაკავშირებული. ავტომწარმოებელი კომპანიები ნელ-ნელა თანხმდებიან, რომ მომავალი არის არა ელექტრო, არამედ - ჰიბრიდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები