"თიბისი ლიზინგის" დირექტორი გაგა გოგუა ამბობს, რომ კომპანია ბიზნესებისთვის კიდევ უფრო ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას აპირებს და ეს მთავარ მიმართულებად რჩება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.
მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ "თიბისი ლიზინგის" დაფინანსებით, ერთ-ერთ ფარმაცევტულ ქსელში მომხმარებლებს რობოტი მოემსახურება, ასევე, მალე ქვეყანაში იგეგმება ქაღალდის წარმოების დაწყებაც.
„ჩვენი მიმართულება ბიზნესია, SME და კორპორაციული მიმართულება და აქ ვქმნით კიდევ უფრო ახალ და ინოვაციურ პროდუქტებს. მაგალითად, ერთ-ერთ ფარმაცევტულ ქსელში იქნება ჩვენი დაფინანსებული რობოტი, რომელიც მოემსახურება კლიენტებს. ასევე, დღე დღეზე უკვე დაიწყება ქართული ქაღალდის წარმოება, რომელიც ჩვენი დაფინანსებულია. ასევე, რა თქმა უნდა, სტარტაპერები, ქართული ბიზნესი, რომელსაც მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ. კომპანიების დასახელება არ შემიძლია, თუმცა საკმაოდ დიდი არმია გვაქვს ამ მიმართულებით და ამით ვამაყობთ. ასე ვთქვათ, ბიზნესი მთავარი რჩება და კიდევ უფრო მეტ პროდუქტებს და საინტერესო თემებს შევთავაზებთ”,- თქვა "თიბისი ლიზინგის" დირექტორმა.
მისივე თქმით, წელს კომპანია მოსალოდნელზე უკეთესი შედეგით, სავარაუდოდ, 37%-იანი ზრდით დახურავს. გაგა გოგუამ აღნიშნა, რომ 9 თვის მდგომარეობით, მიმდინარე წელს სალიზინგო ბაზარზე შთამბეჭდავი ზრდაა.