მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვცდილობთ, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა არ აისახოს სწავლების გადასახადზე - ბაკურ სულაკაური

მწვანე სკოლა

ვცდილობთ, რომ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა არ აისახოს სწავლების გადასახადზე, - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელმა ბაკურ სულაკაურმა განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც სხვა კერძო სკოლებისთვის.

„მეორე მხრივ, იძულებული ვართ, რომ ხელფასი გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კადრებს ვერ შევინარჩუნებთ. ვცდილობთ, რომ ეს ორი რამ დავაბალანსოთ. ცხადია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, - განაცხადა მან.

ბაკურ სულაკაურმა მასწავლებელთა კვალიფიკაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პედაგოგიური უნივერსიტეტის გახსნასაც გეგმავდნენ, თუმცა, გადაიფიქრეს.

„ბიზნესურად აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ისევ და ისევ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამის განვითარებას მივუბრუნდით, რომელიც სკოლის შიდა პროგრამაა და არ იქნება საუნივერსიტეტო პროგრამა“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მასწავლებლების კვალიფიკაციის გაუმჯობესება „მწვანე სკოლის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომაც ყოველწლიურად ამაზე მუშაობა გრძელდება.

„აქამდე ამას ვაკეთებდით მხოლოდ დაწყებითი კლასების დონეზე, ახლა გვინდა, რომ ეს განვავრცოთ მთელ სკოლაზე და მასწავლებლების ტრენინგების და პროფესიული განვითარების პროგრამა ყველა საფეხურზე გადავიტანოთ. ამ კუთხით გაუმჯობესება გვაქვს, ამისთვის სპეციალურად ადამიანები გვყავს აყვანილი, რომელიც ამაზე მუშაობს. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელმა მათემატიკა არ იცის, ან ინგლისურის მასწავლებელმა ინგლისური არ იცის, არამედ ის, თუ როგორ ასწავლოს. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ მათ ვასწავლოთ, როგორ ასწავლონ“ , - განაცხადა ბაკურ სულაკაურმა.

ცნობისთვის, „მწვანე სკოლას“ ამჟამად თბილისში ოთხი კამპუსი აქვს. ოთხივე კამპუსის მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა დაახლოებით 5000-ია, მასწავლებელთა რაოდენობა - 500-მდე, ხოლო თანამშრომელთა ჯამური რაოდენობა 760-ზე მეტი. ბაკურ სულაკაურის თქმით, ეს მონაცემები მზარდია. მაგალითად, ყოველწლიურად "მწვანე სკოლის" მოსწავლეთა რაოდენობა საშუალოდ 500-700-ით იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები