პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება და 2031 წლის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე და ჩვენი ვარაუდით, მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოდან და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. მას შემდეგ რაც ამოიწურება არსებულ აეროპორტთან კონტრაქტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მგზავრთნაკადი ქვეყანაში ყოველწლიურად გაიზრდება და რა თქმა უნდა, ამას უნდა უპასუხოს თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობა თბილისში მეორე საერთაშორისო აეროპორტის აშენებას აპირებს. გეგმით, ახალმა აეროპორტმა ვაზიანში, ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე წელიწადში 20 მლნ მგზავრი უნდა მიიღოს. ახალი აეროპორტის ამუშავების შემდეგ, მთავრობაში აცხადებენ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ოპერირებას შეწყვეტს. წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს მართვის უფლება 2031 წლამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.




























