მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდით“ - მეხორბლეები პრემიერის გადაწყვეტილების მოლოდინში

6423f1cd61450
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.23 12:34
701
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ხორბლის მწარმოებელი ფერმერები დარგში არსებული პრობლემების გადასაჭრელად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ამის შესახებ ნიკოლოზ ბენიაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარგის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მეხორბლეებს ახალი მოსავლის დათესვას ურთულებს და აღნიშნა, რომ სექტორის მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაკეთებული მიმართვის საპასუხოდ უწყებამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

„მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, [სოფლის მეურნეობის]მინისტრს ვესაუბრებით, მაგრამ როგორც ვნახეთ, ეს საკითხი ვერ გადაწყდა, ველით უახლოეს დღეებში... ვფიქრობ, ამ საკითხს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება სჭირდება, რადგან სხვა ვერც ერთ დონეზე, სამინისტროები ვერ შეთანხმდნენ და კონსესუსი ვერ შედგა. რაღაც გამოსავალი ამ მდგომარეობიდან უნდა იყოს, აქ ათასობით ფერმერზეა საუბარი, რომლებიც საქმიანობას ვერ აგრძელებენ“, - აღნიშნა ბენიაიძემ.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ გასულ წელს მეხორბლეებმა სწორედ სახელმწიფოს მოწოდებით მარცვლეული მაქსიმალურად დიდ ფართობებზე დათესეს, ახლა კი შექმნილი მდგომარეობის გამო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდნენ.

„გასულ წელს სახელმწიფოსგან, სამინისტროსგან იყო თხოვნა ხორბალი დიდ ფართობებზე დაგვეთესა, რადგან ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა დადგა პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო. იმ პერიოდში სახელმწიფოც მხარში დაგვიდგა, რომ იაფი სესხი აგვეღო და ფერმერებმა ხორბალი დიდ ფართობზე დათესეს, ახლა კი ისე გამოვიდა, რომ აღებულ სესხს ვერ ვიხდით, რადგან აღებული მოსავალი დასაწყობებული გვაქვს, ფერმერებს ჯარიმები უგროვდებათ, ისიც რომ კონსიგნაციით იძულებულები ვართ, ჰერბიციდები და პესტიციდები ავიღოთ, რომელიც აუცილებელია მიმდინარე წლისთვის და გაძვირებულ ფასად ვიღებთ, რადგან გაუყიდავი მარცვლეულის გამო ნაღდი ფული არ გვიჭირავს. პრობლემა შეექმნა ფერმერებს, ვინც ტრაქტორები ლიზინგით გამოიყვანა და გადასახდელი აქვს ამ მოსავლით, რომელიც დასაწყობებულია.

წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდით“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე და დასძენს, რომ არსებულ ვითარებას წელს ფქვილისა და ხორბლის მნიშვნელოვნად შემცირებული ფასიც ერთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსული ხორბლის საექსპორტო ბაჟით შემოტანის გამო, ხორბლის იმპორტი შემცირდა და ბიზნესის ნაწილი ფქვილის იმპორტზე გადავიდა, რომელზეც რუსეთში ექსპორტისას ნულოვანი ბაჟი მოქმედებს. ხორბლის იმპორტის შემცირებამ ქვეყანაში მოქმედი წისქვილების გაჩერება გამოიწვია, მეხორბლე ფერმერებს კი ხორბლის მარაგები ჩაუბარებელი დარჩათ. ამის გამო ისინი საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ იწყებენ და ახალი მოსავლის მიღებისთვის ვერ ემზადებიან. აქედან გამომდინარე ხორბლის მწარმოებელთა და ასევე მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას მიმართა და საკითხის გადაწყვეტის მიზნით ფქვილის იმპორტზე საპასუხო გადასახადის დაწესება მოითხოვა. მათი განცხადებით, ეს ხორბლისა და ფქვილის იმპორტს თანაბარ პირობებში ჩააყენებს, შედეგად წისქვილები ამუშავდებიან, ფერმერების კი ხორბლის ჩაბარებასა და საჭირო სამუშაოების შესრულებას შეძლებენ, რათა ახალ სეზონზე ხორბლის ახალი მოსავალი მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები