მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წარმოუდგენელია, PPA-ების აღდგენის გარეშე ინვესტორებმა ენერგეტიკაში ფული ჩადონ - GREDA

60b6428431d04
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 09:00
1404
“განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის” GREDA აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტემპის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის მიერ PPA ანუ გარანტირებული სიმძალვრის შესყიდვის შეთანხმებების გაფორმებაზე გამოცხადებული მორატორიუმი იყო.
გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში აბრამიშვილმა განაცხადა, რომ PPA-ების გაცემის აღდგენასთან დაკავშირებით ენერეტიკის სფეროს წარმომადგენლებს მთავრობასთან არაერთხელ ჰქონიათ კომუნიკაცია, თუმცა სახელმწიფო ახალი შეთანხმებების გაფორმებაზე უარს აცხადებს.

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ PPA-ების ფინანსური მხარდაჭერის გარეშე უცხოელი ინვესტორები საქართველოს ენერგეტიკაში ფულს არ ჩადებენ.

“გარანტირებული შესყიდვის საკითხს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო ინვესტორს მინიმალურ გარანტიებს სთავაზობდა ინვესტორებს. ეს არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება. ზოგადად მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა PPA ხელშეკრულებების გაფორმება ან Feed in ტარიფი ქვია ხოლმე სხვანაირად. მაგალითად, თურქეთში 7.4 ცენტი არის ასეთი ტარიფი და 9.1 ცენტამდეც კი ადის; უკრაინაში ეს არის 11.5 ევრო ცენტი იაპონიაში კი ადის 40 ცენტამდე. ჩვენთან ეს იყო 6 ცენტი, მაგრამ ამის გაუქმებაც მოხდა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს შეჩერება და მორატორიუმი ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დაგვარტყამდა.

სახელმწიფოსთან გარანტირებული შესყიდვის საკითხი დაგვიყენებია და ამ საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ. მტკიცე უარყოფით ნიშანში ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს თავისი პოზიცია ფისკალური რისკებიდან გამომდინარე. ჩვენ შევთავაზეთ, რომ დაბრუნდეს იმ სახით, რომ არ ჰქონდეს ძალიან ბევრ კომპანიას მსგავსი მემორანდუმები და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები გაფორმებული. სხვანაირად მე ვერ წარმომიდენია, რომ საქართველოში ენერგეტიკაში გაგრძელდეს პირდაპირი ინვესტიციები”, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

რა არის PPA მექანიზმი და როდის გაუქმდა ის?

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმით სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრული დროის შუალედში და გარკვეულ ფასად, გარკვეული მოცულობის ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებას იღებს. კომპანია კი თავის მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით.

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა 2017 წელს IMF-ის რეკომენდაციის შედეგად, საქართველოს მთავრობამ ახალი PPA-ების გაცემაზე მორატორიუმი გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად კი, გარანტირებული შესყიდვების კუთხით, ფისკალური რისკების გათვალისწინების პირობით, გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ ორ პროექტზე - კორომხეთი ჰესსა და ნამახვანის ჰესების კასკადზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები