მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Warner Brothers-ის ინვესტორები Netflix-ის $82.7-მილიარდიან შემოთავაზებაზე მარტში იმსჯელებენ

wbd

ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტის, Warner Brothers Discovery-ს ინვესტორები მარტში გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა Netflix-ის მიერ შეთავაზებულ $82.7-მილიარდიან კორპორაციულ გარიგებას. აღნიშნული აქციონერებისთვის თანხის სრულად ქეშით გადახდას მოიცავს და განსხვავდება წინანდელი ინიციატივისაგან, რომლის ფარგლებშიც WBD-ს ინვესტორები $82.7 მილიარდის ნაწილს მხოლოდ ნაწილობრივ მიიღებდნენ, ნაწილი კი Netflix-ის აქციებში კონვერტირდებოდა.

სწორედ მარტის შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილის, დეივიდ ელისონის კომპანია Paramount Skydance-ის ბედიც, რომელსაც ინვესტორებისთვის $108.2 მილიარდი დოლარი აქვს შეთავაზებული, თუმცა ელისონები სანაცვლოდ კომპანიას სრულად ითხოვენ. Netflix-ი კი მხოლოდ კინოინდუსტრიის მიმართულებითაა დაინტერესებული WBD-საგან CNN-ისა და Discovery-ს არხების გამოყოფასა და მათგან დამოუკიდებელი მედია კომპანიის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს.

ანალიტიკოსებს უჭირთ იმის თქმა თუ რა არჩევანს გააკეთებენ WBD-ს ინვესტორები, რადგან ერთი მხრივ უმსხვილესი სტრიმინგ პლატფორმის სოლიდური შეთავაზებაა და ის ტრამპის მიმართ კრიტიკული არხის დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს, მეორე მხარეს კი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ოჯახის კინოსტუდიაა, რომელიც აქციონერებს გაცილებით მოცულობით თანხას სთავაზობს, თუმცა არაფერს ამბობს CNN-ის მომავალზე. ცალკე საკითხია მარეგულირებლების შესაძლო რეაქციები არამარტო აშშ-ში, არამედ ევროპაშიც. კერძოდ, Netflix-ი დღეს მსოფლიოს უდიდესი პლატფორმაა და მის ხელში დამატებით ისეთი კინოკომპანიის მოქცევა, რომელიც HBO-სა და სხვა, კონკურენტ პლატფორმებს ფლობს, მონოპოლიის რისკებს გააჩენს. ამ მხრივ, დეივიდ ელისონის Paramount-ი გაცილებით მოგებიან პოზიციაზეა, რადგან კომპანიის სტრიმინგ პლატფორმის მიერ HBO-ს მიერთება მონოპოლიის რისკებს ვერ გაზრდის. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც პროცესებში თავის წვლილს შეიტანს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. როგორც ცნობილია, მან წინა საპრეზიდენტო ვადისას მსხვილი კომპანიების შერწყმის შეჩერება შეძლო. თუ შტატების ლიდერი გადაწყვეტს, რომ ლარი ელისონის შვილს Warner Brothers-ის შესყიდვის ნება არ დართოს, შესაძლოა პროცესი ჩიხში შევიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები