კინოინდუსტრიის ამერიკული გიგანტის, Warner Brothers Discovery-ს შესყიდვის გარშემო მიმდინარე პროცესები კვლავ არ ცხრება. კომპანიის ინვესტორების ნაწილს სურს, ლარი ელისონის შვილის, დევიდ ელისონის კომპანია Paramount Skydance-ის $108.4-მილიარდიან შემოთავაზებას დათანხმდეს და კინოინდუსტრიის ლეგენდა კოლოსალური მოცულობის თანხის სანაცვლოდ გაყიდოს. მეორე ნაწილისთვის კი Paramount-ის შემოთავაზება მიუღებელია, რადგან, მათი აზრით, ელისონის ინტერესი არა იმდენად ინდუსტრიის განვითარებაა, რამდენადაც Warner Brothers-ის საკუთრებაში შემავალი გავლენიანი მედია მაუწყებლის, CNN-ის ხელში ჩაგდებაა.
ელისონის შემოთავაზების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ შესყიდვის საერთო ინიციატივა მალევე დატოვა დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო ჰოლდინგმა. მათი აზრით, მსგავსი არასტაბილური მიდგომა აჩენს ეჭვს, რომ რეალურად Paramounts-ს არ აქვს იმ კოლოსალური მოცულობის თანხის გადახდის რესურსი, რასაც ინვესტორებს ჰპირდება. განმარტებისთვის, საუბარია პირდაპირი ანგარიშსწორების წესით, ერთ აქციაზე 30 დოლარის გადახდაზე.
ტედ სარანდოსის Netflix-ის მიერ გაჟღერებულ $82.7-მილიარდიან შეთავაზებას პოზიტიურად უყურებენ Warner Brothers Discovery-ს სამეთვალყურეო საბჭოშიც, საიდანაც ინვესტორებს უკვე არაერთხელ მოუწოდეს, რომ უარი თქვან Paramount Skydance-ის შემოთავაზებაზე და დათანხმდნენ შედარებით მცირე მოცულობის ინიციატივას, რომელიც აქციაზე მხოლოდ 27 დოლარის გადაცემას გულისხმობს, თანაც არა სრულყოფილად ქეშის სახით, არამედ, ნაწილობრივ Netflix-ის აქციების სახითაც.
ცნობისთვის, ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტი, Warner Brothers Discovery ფლობს არამარტო ფილმების მწარმოებელ საკუთარ კომპანიას, არამედ HBO-ს სტუდიას და მის ექსკლუზიურ ფილმებსა თუ სერიალებს, DC Comics-სს და Harry Potter-ის ფილმებზე საავტორო უფლებას. WBD-ს უმსხვილეს ინვესტორთა შორის სახელდებიან ამერიკული საფინანსო ინდუსტრიის გიგანტები, Vanguard-ი, BlackRock-ი და State Street-ი, რომლებიც ჯამურად 22%-იან წილს ფლობენ.




























